„დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო. მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ დრო დაგვითმეთ და შეგვხვდით. დიდად ვაფასებთ ამ ფაქტს.
ნამდვილად დიდი ჯგუფი გამოგვივიდა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 17 და ევროკავშირიდან 2 კოლეგა გავერთიანდით. მე და ევროკომისიის ერთი თანამშრომელი ევროსტრუქტურებს წარმოვადგენთ. მგონია, რომ ეს კარგის ნიშანია, რადგან ასეთ მნიშვნელოვან დროს ვიმყოფებით საქართველოში“, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში დირკ შუბელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრაზე ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში დირკ შუბელმა აღნიშნა, რომ სამომავლო ნაბიჯების კუთხით ორივემ - უკრაინამაც და მოლდოვამაც - ისევე, როგორც საქართველომ სამომავლოდ შეიძლება კარგად გამოიყენონ აღმოსავლეთ პარტნიორობა.
„ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ ყველანი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე ვმუშაობთ − ზოგიერთი სპეციალური წარმომადგენელია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს შესაბამისი სამინისტროდან ან ჩემ შემთხვევაში ევროსტრუქტურიდან. ყველა ეს ადამიანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროების დეპარტამენტთა უფროსები გახლავთ. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ რანგით მაღალი პირებისგან შემდგარი ჯგუფი იმყოფება ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, გვსურს გავიგოთ რაში შეიძლება კვლავ გამოგადგეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში აღმოსავლეთ პარტნიორობა. მხედველობაში მაქვს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობა. მან საქართველოსაც ბევრი კარგი რამ მოუტანა − ასოცირების შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით; უვიზო მიმოსვლის რეჟიმიც გაგვაჩნია, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის გარეშე ვერ იქნებოდა შესაძლებელი; ეს ყველაფერი უკვე გუშინდელი დღეა, რა თქმა უნდა. ახლა კი ვფიქრობთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა კვლავ შეიძლება იქნეს გამოსადეგი თქვენი შემდგომი ნაბიჯების ჭრილში.
დიახ, როგორც ბრძანეთ, ორ დღეში ქვეყნდება ანგარიშები. მათზე კომენტარს არ გავაკეთებ. ბრიუსელში მყოფი კოლეგების მიმართულებაა ეს. ისინი საბოლოო შტრიხებს გადიან, სანამ დაიბეჭდება ანგარიშები.
ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ სამომავლო ნაბიჯების კუთხით ორივემ - უკრაინამაც და მოლდოვამაც - ისევე, როგორც საქართველომ სამომავლოდ შეიძლება კარგად გამოიყენონ აღმოსავლეთ პარტნიორობა. ის ცოტათი სახეცვლილია. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში აქცენტებს ვაკეთებდით რაოდენობით ნაკლებ, მაგრამ აქტუალურობით უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის ყველაზე მთავარი ორია და თქვენს პრიორიტეტსაც წარმოადგენს. ესენია დაკავშირებადობა და უსაფრთხოება.
ამდენად, ერთად ისედაც ბევრს ვაკეთებთ ორივე მიმართულებით, თუმცა მიმაჩნია, რომ პოტენციალი უფრო მეტი გვაქვს. მისი სრული გამოვლენა და ათვისებაა ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი.
ყველას გვსურს ჩვენი პრიზმით ვნახოთ რა იდეები გაქვთ და გაგაცნოთ ჩვენი შემხვედრი მოსაზრებები, რაც არის ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი. რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მხარდაჭერის დადასტურებაც, ნათელია, თან ასეთ მნიშვნელოვან დროს! ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ქვეყანა სამომავლოდ ევროკავშირის წევრი გახდება.
ამდენად, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი მიღებისთვის და ველით კარგ საუბარს“, - განაცხადა დირკ შუბელმა.