logo_geo
eng_logo
გურამ ადამაშვილი: ხათუნა ლაგაზიძისთვის საარჩევნო სიაში ე.წ. გამსვლელი ადგილი არ მოიძებნა
- +

10 სექტემბერი. 2016. 13:00



არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია" პოლიტიკოსებს მოუწოდებს, არჩევნების ბოლომდე არჩეული პარტიის იდეოლოგიის ერთგულნი დარჩნენ და საზოგადოებაში დაბნეულობა არ შეიტანონ.


„პოზიციის" ხელმძღვანელის გურამ ადამაშვილის განცხადებით, ხათუნა ლაგაზიძის მიერ პაატა ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვება, საზოგადოებაში ეჭვებსა და კითხვებს ბადებს.


მისი ვარაუდით, ლაგაზიძის მიერ კოალიციის დატოვება საარჩევნო სიაში არასასურველმა ადგილმა გამოიწვია და არა პარტიასთან კოალიციაში „გირჩისა" და ვაშაძის პარტიის შეერთებამ.


„თუკი ხათუნა ლაგაზიძეს ბურჭულაძის პარტიიდან წამოსვლის რეალური მიზეზი ის იყო, რომ პარტიას „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტები შეუერთდნენ, მაშინ ამ ფაქტის გახმაურებისთანავე რატომ არ დატოვა მან „სახელმწიფო ხალხისთვის", როგორც ეს მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა მერაბ მეტრეველმა გააკეთა?! ბუნებრივია, პასუხი მარტივია - მისთვის საარჩევნო სიაში ე.წ. გამსვლელი ადგილი არ მოიძებნა და ეს გახდა მისი წამოსვლის მიზეზი, რასაც „გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაც ადასტურებს, როდესაც მან აღნიშნა, რომ ბურჭულაძის პარტიასთან მათ შეერთებას ლაგაზიძე ოვაციებით შეხვდა",- აღნიშნა ადამაშვილმა „პირველ პრესკლუბში".


ცნობისთვის, ხათუნა ლაგაზიძემ, 9 სექტემბერს, პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ლაგაზიძემ ბურჭულაძის მოძრაობიდან წამოსვლის მიზეზად, „გირჩთან" და გიორგი ვაშაძის პარტიასთან კოალიციაში შესვლა და სიაში, კონკრეტული პირების  კრიმინალური ავტორიტეტების ზეწოლით შეყვანა დაასახელა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner