"ის უბედურება არ კმარა, რომ რეგიონებს ოკუპაციის პირობებში უწევთ ცხოვრება, ახლა ღია ცეცხლის გახსნაზე გადავიდნენ," - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავების მცდელობისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს.
ქადაგიძის თქმით, მას დამთხვევების არ სჯერა, განსაკუთრებით კი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ერთ დღეში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის რეკომენდაცია უნდა გამოქვეყნდეს.
„საოკუპაციო ძალებმა ოკუპაციის ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს…
ის უბედურება არ კმარა, რომ რეგიონებს ოკუპაციის პირობებში უწევთ ცხოვრება, ახლა ღია ცეცხლის გახსნაზე გადავიდნენ…
ბოდიშის მოხდით, მაგრამ დამთხვევებისა და შემთხვევითობების, განსაკუთრებით 24 საათში რომ უნდა გახდეს ცნობილი საქართველოს საკითხი ევროკავშირის სტატუსის მიღებაზე, ძალიან არ მჯერა…
სამწუხაროდ, საქართველოში ბევრია არეულობისა და ტრაგედიების მოსურნე და ჩვენი „საამაყო“ ოპოზიციის დამოკიდებულების მიხედვით დავასკვნი მთავარ კითხვაზე პასუხს - ვის აწყობს ახლა სამოქალაქო აჟიოტაჟი?“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.