ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები, რომლის შედეგებიცაა შიდაპარტიული დაპირისპირებები, განხეთქილებები გასაკვირი არ არის „ხალხის ძალის“ წევრის თამარ ჩიბურდანიძისთვის. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, განხეთქილებები კიდევ უფრო გამწვავდება და რღვევა ოპოზიციაში მოიმატებს.
„ოპოზიცია ყველაფერს აბრალებს ხელისუფლებას. რაც უნდა განხეთქილება მოხდეს პარტიის შიგნით, რა დაპირისპირებასაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი, არა მარტო გახარიას პარტიაში, არამედ სხვაგანაც, ვხედავთ რა დღეშია ნაცმოძრაობა და როგორ დაქუცმაცდა, ვხედავთ რა დღეში არიან სხვა ოპოზიციური პარტიები, ვერ გაურკვევიათ სად შეერთდნენ, სად გაიყარონ, ანუ ძალიან დაქსაქსულები არიან და მე თუ ასე სიამოვნებით წავიკითხავდი თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსებს ნამდვილად არ მეგონა, ნამდვილად ვხალისობ მის სტატუსებზე და ღირსები არიან მისი ყოფილი თანაგუნდელები იმის, რასაც ის მათ უწერს. რაც შეეხება გახარიას პარტიაში დაპირისპირებას, ჯერ სად არიან? ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ უფრო უარესი იქნება მომავალში. ჯერ დიდი სიურპრიზები ელით მათ ხელისუფლებისგან - იმ დიდი პოზიტივებისგან, იმ დიდი წინსვლისგან, იმ დიდი პერსპექტივებისგან, რასაც ის (ხელისუფლება) აძლევს ქვეყანას. რაც უფრო მეტად თვალსაჩინო იქნება ეს წინსვლა ხალხისთვის, მით უფრო მეტად დაერევიან ისინი ერთმანეთს,“ - განაცხადა ჩიბურდანიძემ.
შეკითხვაზე, რამდენად აქვს ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსები, „ხალხის ძალის“ წევრი მიიჩნევს, რომ ამის შანსი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
“„ნაცმოძრაობა„ შეძლებს საარჩევნო ბარიერის გადალახვას. როგორც არ უნდა დაიშალონ, „ნაცმოძრაობას“ მაინც ჰყავს საკმარისი ამომრჩეველი. თქვენ წარმოიდგინეთ, უცხოეთის ინტერესშიც არ შედის „ნაცმოძრაობის“ შენარჩუნება იმიტომ, რომ სადაც მათ ახსენებ, მთელი მისი შავი წარსული, მკვლელობები, სისხლი წინ მოდის. მაგრამ, როგორც სააკაშვილმა განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სულ ახალი სახეები იქნებიან, ძველები, ვინც იყვნენ პარლამენტში, აღარ დარჩებიან. მე მინდა სააკაშვილს გავცე ასეთი პასუხი - თუ გახსოვთ აკაკი წერეთელმა, მის თანასოფლელს, რომელიც ყოველდღე ჩოხას იცვლიდა, ანუ იმიჯს, გარეგნობას იცლიდა, უთხრა, ჩოხას კი ნუ იცვლი, სინდისი შეიცვალეო, ის რაც თავში გიდევს ის შეიცვალე და მერე იქცევი კაცადო. აი, ეს მინდა ვუთხრა სააკაშვილს, ჩოხას კი ნუ იცვლის, ანუ ხალხს ნუკი ცვლის, არაფერი შეცვლის ამას. „ნაცმოძრაობაში“ შესული ნებისმიერი ადამიანი ხდება მისი იდეოლოგიის მატარებელი და მსხვერპლი. აქედან გამომდინარე, ვინც უნდა შეიყვანონ, რამდენიც უნდა ჩამოიყვანონ უცხოეთიდან, როგორი სახელოვანი ხალხიც უნდა შეიყვანონ პარტიაში, მათი სახელი, ავტორიტეტი მაშინვე განადგურდება. არ შეიცვლება ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი, არ შეიცვლება მათი იმიჯი იმიტომ, რომ ეს არის სისხლიანი პარტია და დარჩება სისხლიან პარტიად. რაც შეეხება სხვებს, ვინც ვითომ თავს უშველეს, ხატია დეკანოიძე, გიორგი ვაშაძე, რომლებიც ხან გამოცალკევდნენ, ხან ახლად გაერთიანდნენ, მაინც იგივე არიან, სადაც არ უნდა წავიდნენ, ვისთანაც უნდა გაერთიანდნენ, მაინც იმ სისხლში აქვთ ხელები გასვრილი, რომელსაც ნაცმოძრაობა 2012 წლამდე ღვრიდა. რაც შეეხება „ლელოს“, სადაც ასევე ნაცმოძრაობის წევრები არიან, მაგალითად სალომე სამადაშვილი და გახარიას პარტიას, ვერ გეტყვით სად წავლენ ისინი. ამბობენ, რომ მოხდება მათი სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ თავშეყრა“, - აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.