"ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ მკვლელობასთან დაკავშირებით არის შეურიგებელი, რაც მოხდა ამას არავითარი ადამიანური გამართლება არ აქვს," - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მეორე უკანონო დაკავებულის, რომელიც იმყოფება ცხინვალში, დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების დაუყოვნებლივი დასჯა - ეს მოთხოვნები გაჟღერდა შეხვედრაზე. ველოდებით საოკუპაციო ძალებისგან პასუხს, რათა პირველ რიგში, რაც მთავარია, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქე, რომელიც მკვლელობის ფაქტს შეესწრო, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არ არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის პირველი შემთხვევა. ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ მკვლელობასთან დაკავშირებით არის შეურიგებელი, რაც მოხდა ამას არავითარი ადამიანური გამართლება არ აქვს. ვმუშაობთ აქტიურად, რომ დაბრუნდეს უკანონოდ დაკავებული ოჯახში. პერმანენტულ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საქმის კურსში ჩავაყენეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ახლა ველოდებით პასუხს, რომ უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქე დავაბრუნოთ ოჯახში“, - განაცხადა ანთაძემ.