"დღევანდელმა ტრაგედიამ უნდა დაგვაფიქროს, რა რისკის ფასად უვლიან ქართულ კერებს სასულიერო პირები საოკუპაციო ხაზს იქით და მსახურობენ შეიარაღებული რუსული საოკუპაციო ძალების გარემოცვაში," - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ კირბალის მახლობლად საქართველოს მოქალაქე რუსმა ოკუპანტებმა გასროლით მოკლეს. დღეს კიდევ ერთი უსამართლობის მოწმე გავხდით და უპირველესად ვუსამძიმრებ დაღუპულის ახლობლებს და ყველას, ვისაც გული შესტკივა მომხდარის გამო. ეს ის კირბალია, რომლის მახლობლად, ოკუპირებულ ხაზს იქით, ლომისის სახელობის ტაძარი რომ მოხვდა (ეს მლეთის ლომისის ტაძარი არ არის). როგორც ამას წინათ განვაცხადე, მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზს შიგნით იყო, ამ ტაძარში ქართველი სასულიერო პირები და მრევლი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოსალოცად და ტაძრის მოსავლელად შესვლას გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) მცდელობით ახერხებდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა არის რთული და რისკების შემცველი. საოკუპაციო ხაზის შიგნით, ტაძართან ქართული დროშის აღმართვის საპასუხოდ რუსებმა აჭედეს ტაძრის კარი, აკრძალეს მიმოსვლა, უკიდურესად დაიძაბა ვითარება მოსახლეობასთან, ტაძარი დარჩა მიუხედავი, დღეს კი, სამწუხაროდ, მსხვერპლი გვაქვს. მლეთაში მდებარე ლომისის ტაძარში, ქედზე ანალოგიური ვითარება გვაქვს, საოკუპაციო ხაზი სამონასტრო კომპლექსს შუაზე კვეთს და ბერი, რომელიც ტაძარს უვლის, ხაზს იქით ცხოვრობს მუდმივი, ანალოგიური საფრთხეების ქვეშ. 15 წელია ოკუპაციის შემდეგ გასული და მიუხედავად იმისა, რომ რუსი სამხედროები პერიოდულად ამოდიან ახალგორის ბაზიდან, ჩვენ შევძელით ამ ტაძარზე ზრუნვა. დღევანდელმა ტრაგედიამ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რა დიდ შრომას ეწევიან და რა რისკის ფასად უვლიან ქართულ კერებს სასულიერო პირები, რომლებიც საოკუპაციო ხაზს იქით ტაძრებს უვლიან და მსახურობენ შეიარაღებული რუსული საოკუპაციო ძალების გარემოცვაში. 25-26 ოქტომბერს მომხდარმა ამბებმა და სიუჟეტებმა, რაც მლეთის ტაძარს უკავშირდებოდა, აქაც გაამძაფრა საფრთხეები. მე, როგორც ამ ტაძრის მღვდელმსახური, ვალდებული ვარ, მცდელობა არ მოვაკლო, რომ მსგავსი რამ იქ არ მოხდეს და ვფიქრობ, დღეს უნდა გავაკეთოთ დასკვნები, ყველა ნაბიჯს მოვეკიდოთ პასუხისმგებლობით, რომ წინდაუხედავმა მოქმედებამ უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი და შეუქცევადი ზიანი არ მოგვიტანოს. ღმერთმა მოიხსენიოს გარდაცვლილი თამაზ გინტური“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.