"უმძიმესი და შემზარავია, ის რაც სოფელ კირბალთან მოხდა. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, პირველ რიგში ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.
„არსებულმა რთულმა უსაფრთხოების გარემომ და ოკუპაციის ყოველდღიურმა სიმძიმემ შეიწირა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე. მსგავს ფაქტს შეეწირა ზუგდიდში, სოფელ ხურჩასთან გიგა ოთხოზორიას სიცოცხლეც. ჩვენ სამწუხაროდ გვიწევს ოკუპაციის უმძიმეს ტვირთთან ბრძოლა, რომელიც ტერიტორიების დროებით ოკუპაციასთან ერთად უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
საქართველოს მთავრობა ყველა ზომას იღებს დამნაშავის დასასჯელად. მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, შეაფასონ მომხდარი ფაქტი და მოახდინონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე დამნაშავის დასასჯელად“, - წერს ჩიქოვანი.