logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
- +

7 ნოემბერი. 2023. 10:13

 

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, მოადგილეებთან, ალექსანდრე ტაბატაძესა და თენგიზ შარმანაშვილთან ერთად, პარიზში შეხვედრებს მართავს.  ქართულმა დელეგაციამ პირველი შეხვედრა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟან-ლუი ბურლანჟთან გამართა.

 

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე.  ირაკლი ბერაია ფრანგ კოლეგას რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ მძიმე ვითარებაზე, საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებზე და მათი ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე  ესაუბრა.  ქართველმა კანონმდებელმა, მასპინძელს გააცნო საქართველოს მიერ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ასევე ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დაწინაურების მნიშვნელობას და საჭიროებას.  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების და ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის მიზნით, ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას.

 

„საფრანგეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.  ორი ქვეყნის ურთიერთობებს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს.  პარტნიორობის მასშტაბებზე და ხასიათზე მიუთითებს ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის არაერთი მიმართულება. მის მზარდ დინამიკაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საფრანგეთის მხარდაჭერას საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და გაძლიერება ქართული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

ქართულმა საპარლამენტო დელეგაციამ ფრანგ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

შეხვედრაში საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი და დესპანი ეკატერინე კოკაია მონაწილეობდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner