„ეს არის უმძიმესი ფაქტი და ყველა ხედავს, რასთან გვიწევს ყოველდღიურად ცხოვრება რუსული ოკუპაციისა და ოკუპაციის მძიმე შედეგების სახით. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
„ეს, რა თქმა უნდა, არის კიდევ ერთხელ დამაფიქრებელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთზე ზეწოლის, წნეხის გაზრდისა და გაძლიერების მუდმივ საჭიროებას, ვიდრე არ მოხდება ჩვენი რეგიონების დეოკუპაცია. რუსეთი ძალიან დიდ ფასს გადაიხდის საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. ეს არის ის შედეგი, რაც დადგა რუსი ოკუპანტების ძალისხმევით და იმ სუბიექტების ძალისხმევით, რომლებმაც ოკუპანტებთან ერთად გააკეთეს რუსული საქმე“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.