„ჩვენი ქვეყნის ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, იბრძოდა ამ დრომდე რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ვერ მოეპოვებინა და თუნდაც ამისთვის მიღებული ყოფილიყო უსამართლო გადაწყვეტილება, ამას როგორც ჩანს აგრძელებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ვიღაცამ სასოწარკვეთილებაში გადაწყვიტა, აღარ შენიღბოს და ღიად ისაუბროს ამაზე. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ პრინციპით ჩათრევას ჩაყოლა ჯობია და დათქმებზე იმუშაოს. ის, რაც ამ დრომდეც მთელი ამ ხნის განმავლობაში, პრორუსულობაზე, უცნაურ საკითხებთან დაკავშირებით იყო ხოლმე საუბარი, ერთადერთი რაღაცით ყოფილა ნაკარნახევი - ქვეყნის ინტერესზე მაღლა ეს ხალხი აყენებს თავიანთ პარტიულ ინტერესს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
ევროკომისიის პასუხამდე ერთი დღე რჩება, ისტორიულ გადაწყვეტილებას კი ევროპელი ლიდერები 15 დეკემბერს მიიღებენ. როგორ ასრულებს ქვეყანა რეკომენდაციებს და იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს - მმართველ გუნდს პოზიტიური მოლოდინები აქვს, ოპოზიციის ნაწილი პროგნოზირებს, რომ კანდიდატის სტატუსს გარკვეული დათქმებით მოგვანიჭებენ, ნაწილი კი რეკომენდაციებს შეუსრულებლად მიიჩნევს.