logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგიამ ქ.შანხაიში საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
- +

8 ნოემბერი. 2023. 10:10

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენის  China International Import Expo (CIIE) გახსნაში მიიღო მონაწილეობა. გამოფენის ფარგლებში, „აწარმოე საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველო რამდენიმე პავილიონშია წარმოდგენილი.

 

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არის ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს გაცხადებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ინიციატივა, რაც კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის მთავრობების ძალისხმევა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, თუმცა აღნიშნულ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კერძო კომპანიების აქტიურობა და ინიციატივები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

ოთარ შამუგიამ საქართველოს პავილიონზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილეს ლინგ ძის უმასპინძლა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოფენაზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტი, ასეთ მაღალ დონეზე, ადასტურებს სტრატეგიულ პარტნიორობას და იძლევა საფუძველს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის. მინისტრის მოადგილემ გამოხატა ჩინური მხარის მზადყოფნა ხელი შეუწყოს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, განსაკუთრებით ქართული ღვინის ექსპორტს ჩინეთის ბაზარზე.

 

გამოფენაში China International Import Expo (CIIE) 40-მდე ქართული კომპანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით მონაწილეობს. სააგენტოს ბენეფიციარების საექსპორტო პროდუქციას საერთაშორისო დამთვალიერებლები ეცნობიან, რაც მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან კავშირების დამყარების კარგი შესაძლებლობაა. გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული ღვინო, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, აგროპროდუქტი, ასევე, ტყავის ნაწარმი და აქსესუარები, საბავშვო ტანსაცმელი. 

 

საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საინფორმაციო სტენდი, მათ შორის: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო, მთის ტრასების სააგენტო და საქართველოს რკინიგზა.  ეროვნული პავილიონის სტუმრები, ვიდეორგოლებით და საინფორმაციო ბუკლეტებით, საქართველოს ტურისტულ, საინვესტიციო, სატრანსპორტო პოტენციალს ეცნობიან.

 

ქართულ დელეგაციას, სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად,   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და  ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გელა სამხარაულისა და ზაალ დუგლაძის შემადგენლობით; სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი  მიხეილ ხიდურელი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ  კალანდია წარმოადგენდნენ.

 

ქალაქ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენაში 150-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო და ბიზნეს დელეგაცია მონაწილეობს. გამოფენის ვიზიტორების რაოდენობა 700 000-ს აღწევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner