საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, მოადგილეებთან ალექსანდრე ტაბატაძესა და თენგიზ შარმანაშვილთან ერთად, საფრანგეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვის და შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს, სედერიკ პერინს შეხვდა.
მხარეებს შორის სასაუბრო თემებს განეკუთვნებოდა რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება, რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგები, მათ შორის, პირველ ყოვლისა საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებისა და უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები.
განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა და ხაზი გაესვა მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. ქართველი კანონმდებლის მხრიდან ყურადღება გამახვილდა ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დაწინაურების აუცილებლობაზე, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში მხარდაჭერის გაზრდის საჭიროებაზე, რუსეთის შეკავების მიზნით რეგიონში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე.
ირაკლი ბერაიას მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის ფედერაციაზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციას.
საპარლამენტო დელეგაციამ ფრანგ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მოიწვია.
შეხვედრაში საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი და დესპანი ეკატერინე კოკაია მონაწილეობდნენ.