logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია ფრანგ კოლეგას შეხვდა
- +

8 ნოემბერი. 2023. 12:18

 

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, მოადგილეებთან, ალექსანდრე ტაბატაძესა და თენგიზ შარმანაშვილთან ერთად, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს, ტომას გასილუს შეხვდა.

 

ქართველი კანონმდებელი ფრანგ კოლეგას რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებაზე, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე და რუსული ოკუპაციის სხვა მძიმე შედეგებზე ესაუბრა.

 

შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ განიხილა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას, ასევე, ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს მხრიდან ჩართულობის გაზრდის დაინტერესებას და მზაობას.

 

ირაკლი ბერაიამ ისაუბრა საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე, NATO-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის სფეროებზე, აღნიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ასევე ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დაწინაურების აუცილებლობა და საჭიროება.

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების და ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის მიზნით, ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას.

 

საპარლამენტო დელეგაციამ ფრანგ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ ფრანგი კოლეგა საქართველოში მოიწვია. შეხვედრაში საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი და დესპანი ეკატერინე კოკაია მონაწილეობდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner