„ჩვენ ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რასაც ადგილი ჰქონდა და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ქრონიკის“ კითხვა ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხებოდა.
„რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელი ინფორმაციაა, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს, ამგვარი ინციდენტი მოხდა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ დადგინდეს დამნაშავეები და ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობას“, - აღნიშნა ვარჰეიმ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.