ავტორი ანა ფერაძე
პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორთან" პარტიების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო სიები შეაფასა, პოლიტოლოგის თქმით, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოყვანა მისასალმებელია. აქვე საყვარელიძემ აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი „ქართულ ოცნებას" აქვს.
„მივესალმები იმას, რომ პოლიტიკაში ახალი ადამიანების შემოყვანა ხდება. რაც შეეხება პარტიების მიერ წარმოდგენილი სიების სხვა კომპონენტებს, მაგალითად, პაატა ბურჭულაძის პარტიის საარჩევნო სიის ათეული სრულიად გაუგებარია, რადგან ბლოკში სია პარტიების წარმომადგენლების მიხედვით კეთდება ხოლმე. ამ მხრივ ბურჭულაძის ბლოკში გაუგებარია, ვინ რატომ არის ამ სიაში", - აღნიშნა, საყვარელიძემ.
როგორც „რეპორტიორს" პოლიტოლოგმა განუცხადა, არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი „ქართულ ოცნებას" აქვს.
„სიების მიხედვით და სხვა რესურსზე არ ვამბობ, „ქართულ ოცნებას" ყველაზე მეტი შანსი აქვს გამარჯვების, რადგან სათავეში არის გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს და მეორე მხრივ ახალგაზრდა, ახალი სახეებით არის დაკომპლექტებული პარტია, რაც ამომრჩეველს იზიდავს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.