„ძალიან მარტივად აგიხსნით, რაც მე პირადად არაერთხელ, საგარეო საქმეთა მინისტრს და ჩვენს კოლეგებს პარლამენტიდან აუხსნიათ ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის. საკითხი მდგომარეობს შემდეგში. ჩვენს ქვეყანას გააჩნია საკუთარი ეროვნული ინტერესები, სამწუხაროდ, ისევ ვუბრუნდები ოკუპაციის საკითხს და მოგეხსენებათ, არაღიარების პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი, გაცხადებული პრიორიტეტი ჩვენი საგარეო პოლიტიკის და აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ რიგ შემთხვევებში, ვითვალისწინებთ რა ამ არაღიარების პოლიტიკას და მის შესაძლო მძიმე შედეგებს, ვხელმძღვანელობთ ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ინტერესებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, არის საკითხები, რომელთა გაუმჯობესება შეიძლება.
„ჩვენ ამის თაობაზე არაერთხელ გვითქვამს, განგვიმარტავს, გვიმუშავია ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან. მათი დიდი ნაწილი იქნა სრულად გაზიარებული და მათ ესმით ძალიან კარგად ეს სენსიტიურობა და აი ეს სპეციფიურობა ჩვენი ამ საკითხის. არის საკითხები, რომელთა გაუმჯობესება შეიძლება, ჩვენ ეს გაუმჯობესება ძალიან მოკლე პერიოდში შევძელით და ეს მიერთების პროცენტი გავზარდეთ 43%-მდე, მაგრამ სამწუხაროდ, საჯაროდ ბევრის თქმის საშუალება, სამწუხაროს, არ მეძლევა, ვინაიდან მთელ რიგ შემთხვევებში ეს ეხება ჩვენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მთლიანობაში - მე ასეთი ფორმულირება მინდა გავაკეთო, მაგრამ შეძლებისდაგვარად ჩვენ მაქსიმალურად ვუერთდებით, ვიზიარებთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ვუერთდებით, რეზოლუციები იქნება თუ განცხადებები და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესები არ დაზიანდეს და კიდევ ვიმეორებ, რომ რაიმე სახით, რაიმე ფორმით, არ შეექმნას საფრთხე არაღიარების პოლიტიკას ოკუპირებული ტერიტორიების და ა.შ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.