ქალების და გოგოების გაძლიერების ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან (CIPE) თანამშრომლობით ახორციელებს ახალგაზრდულ პროექტს “გოგოები ცვლილებებისთვის“.
პროექტის გახსნით ღონისძიებას პარლამენტმა უმასპინძლა.
მონაწილეებს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი შეხვდნენ.
პარლამენტის წევრებმა პროექტის მონაწილეებს პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. დეპუტატები ახალგაზრდებს გენდერული თანასწორობისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრნენ.
„პარლამენტში 50 გოგოს ვუმასპინძლეთ. მათ მივაწოდეთ ინფორმაცია როგორც საპარლამენტო საქმიანობის, ასევე გენდერული თანასწორობის მიმართულებით ჩვენს აქტივობებზე“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს USAID-ის, ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა.
„ყოველ წელს ჩვენ ვარჩევთ 50 საუკეთესო სტუდენტს, რომლებსაც უტარდებათ ტრენინგები. ისინი ხვდებიან ბიზნეს ლიდერებს. უკვე მეოთხე წელია აღნიშნულ პროგრამას ვახორციელებთ. ჩვენი ამოცანაა ევროპული სტანდარტებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია“, - განაცხადა ევროპული ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ ჯონ ბრეკეველდიმ.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა პარლამენტის სასახლე დაათვალიერეს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.