თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, „პანორამა თბილისის" პროექტში არქიტექტორთა ჯგუფის მოთხოვნა მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული. განცხადება ლექვინაძემ გადაცემა „ბიზნესკონტაქტში" გააკეთა:
„პანორამა თბილისი" არის უნიკალური პროექტი, რომელიც სჭირდება თბილისს. დისკუსიების ნაწილში პროექტმა ძალიან ბევრი ცვლილება განიცადა. გარკვეული შენიშვნები, რომელიც არსებობდა, არის გათვალსიწინებული და მაქსიმალურად მორგებული იმ მოთხოვნებთან, რა მოთხოვნებიც ჰქონდათ არქიტექტორთა ჯგუფს.
ძალიან ბევრი ქვეყნის დედაქალქი, ალბათ, ისურვებდა თავის ცენტრში მსგავსი ტიპის პროექტის განხორციელებას. მსგავსი ტიპის პროექტებს საჯარო დისკუსიები და აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის ახლავს და ამაში უჩვეულ არაფერია, ჩვენ მას მივესალმებით.
„პანორამა თბილისის" პროექტი მორგებულია იმ არეალს, რა არეალშიც ხდება მისი განვითარება. ეს არის დაახლოებით 3 ლოკაციაზე 4 ობიექტის განვითარება. თბილისის სხვა არეალში ის იქნებოდა განსხვავებული. ის უნიკალურობა და გარკვეულწილად უპირატესობა, რასაც ეს არეალი ქმნის პროექტისთვის, სხვა არეალზე შესაძლოა არ ყოფილიყო.
პროექტის ფარგლებში თბილისი მიიღებს ერთ 5- ვარსკვლავიან და ერთ 7-ვარსკვლავიან სასტუმროს. ეს 7-ვარსკვლავიანი სასტუმროს პირველი პრეცედენტი იქნება. ასევე იარსებებს გასართობი და საქმიანი ნაწილი, სადაც შესაძლებელი იქნება საერთშორისო მასშტაბის ღონისძიებების ჩატარება", - განაცხადა ლექვინაძემ.