logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას, ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში პოლიტიკური პროცესების დერადიკალიზაციას შეუწყობს ხელს
- +

8 ნოემბერი. 2023. 16:14

 

 

ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელმაც გასული 20 თვის მანძილზე უპრეცედენტო სიბრძნე გამოავლინა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

 

20 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შეიტანა. ამ 20 თვის განმავლობაში ქვეყანამ მრავალი სირთულე გამოიარა – სტატუსის მიღების საბოტაჟით დაწყებული, რევოლუციის მცდელობით დამთავრებული. დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს 15 დეკემბრის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში პოლიტიკური პროცესების დერადიკალიზაციას შეუწყობს ხელს.

 

ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელმაც გასული 20 თვის მანძილზე უპრეცედენტო სიბრძნე გამოავლინა. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტაბილურობაც შეინარჩუნა და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსსაც ღირსეულად მიიღებს.

 

მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს – ყველა პოლიტიკოსსა და საჯარო მოსამსახურეს, რომელმაც ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფაში თავისი წვლილი შეიტანა. მადლობას ვუხდი ევროკომისიის თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც ამ პროცესში საქართველოს გულშემატკივრობდა და რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი.

 

ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს!“ – წერს ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“.

 

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner