logo_geo
eng_logo
„სახელმწიფო ხელს შეუწყობს მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების დანერგვას“
- +

10 სექტემბერი. 2016. 13:47



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამას ავრცელებს, სადაც საუბარია სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებელ რეფორმებზე. ერთ-ერთი პუნქტი ეთმობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის განსაზღვრულ სამოქმედო გეგმას.


 

„ქართული ოცნება" გააგრძელებს აქტიურ აგროპოლიტიკას, რომლის მიზანი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, მაღალი ხარისხის აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება და ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება იქნება:

 

- სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა იქნება „ქართული ოცნების" აგროპოლიტიკის სტრატეგიული მიმართულება. ამ მიმართულებით, განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის რეფორმა, რაც მიმართული იქნება სასოფლო მიწების ფრაგმენტაციის აღმოფხვრისაკენ, შემუშავდება ფართობების კონსოლიდაციის გეგმა;

 

- სახელმწიფო ხელს შეუწყობს მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების დანერგვას - შემნახველი, დამხარისხებელი, შემფუთავი, გადამმუშავებელი და სადისტრიბუციო სექტორების განვითარებას. ამით უზრუნველყოფილი იქნება დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული ციკლის შემადგენელი კომპონენტების ინტეგრაცია, რაც აამაღლებს წარმოების კონკურენტუნარიანობას;

 

- მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება დაუზღვეველი მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს;

 

- გაგრძელდება მუშაობა ფერმერებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით, რისთვისაც უზრუნველყოფილი იქნება ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ფერმერთა შესაბამისი ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება;

 

- მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად;

 

- ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელდება მნიშვნელოვანი ღონისძიებები მონიტორინგის კუთხით, განისაზღვრება ძირითადი ინდიკატორები და შემუშავდება შესაბამისი მეთოდოლოგია;

 

- გაგრძელდება სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი და მოქნილი სისტემის ჩამოყალიბება. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის კუთხით DCFTA-ს გეგმით გათვალისწინებული ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ქართული კანონმდებლობის დაახლოების პროცესი უზრუნველყოფს სირსათის ბაზარზე ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეკონომიკის განვითარებაში;

 

- გაგრძელდება მუშაობა ბიოაგრომეურნეობების, ქართული ადგილწარმოშობის, დასახლებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მიმართულებით;

 

- კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დამკვიდრება დარგის სტრატეგიის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რისთვისაც შემუშავდება შესაბამისი საერთოეროვნული და რეგიონული პროგრამები;

 

- გაუმჯობესდება მონაცემთა შეგროვების, გავრცელების და გამოყენების კოორდინირებული სტატისტიკური სისტემა. დაიხვეწება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზრის საინფორმაციო ბაზა. პერმანენტულად გაგრძელდება საერთაშორისო ბაზრის ანალიზი. ჩატარდება სისტემური კვლევები და მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები. სახელმწიფო მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მუდმივად ითანამშრომლებს კერძო სექტორთან", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner