ავტორი ანა ფერაძე
ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „რეპორტიორთან პოლიტიკური პარტიების სიის პირველ ათეულებზე შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამომრჩევლებისთვის ამ ათეულებს მნიშვნელობა არ აქვს. ამომრჩევლისთვის, რომელიც კონკრეტულ პარტიას უჭერს მხარს, მნიშვნელოვანი არ არის, სიაში ვინ რომელი ნომრით იქნება.
„ყოველთვის ჩნდება კითხვა, რა პრინციპით არის შერჩეული საარჩევნი სიის ათეულები. გააჩნია, საარჩევნო სიის ათეულების შეფასებას რა კრიტერიუმებით მივუდგებით.
როგორც განახლებული სისხლს, „ქართულ ოცნებას" უპირატესობა აქვს. სხვა პარტიებს ძირითადად ისევ ძველი სახეები ჰყავთ და აქ დიდი ცვლილებები არ არის.
მე, როგორც ამომრჩეველს, ოპოზიციური პარტიების ათეულები უღიმღამო დამოკიდებულებას უფრო მიქმნის, ვიდრე რაიმე საინტერესოს.
მიუხედავად იმისა, რომ სიის ათეული უპირველესი სარეკლამო სახეა, ათეული მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პიროვნებაზე საზოგადოების ორიენტირი მაღალია. ჩვენს ქვეყანაში პიროვნებაზე ორიენტირი საზოგადოების მხრიდან დაბალია. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლისთვის სულერთია, ვის ჩასვამს პარტია პირველ ათეულში, მისი ამომრჩეველი მას აირჩევს ნებისმიერ შემთხვევაში.
„ქართული ოცნების" ამომრჩევლისთვისაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა სიას, რადგან პარტიის სახე დღეს არის გიორგი კვირიკაშვილი, რომლის მიმართაც საზოგადოებას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.
ჩემი აზრით, ათეულების მიხედვით ამომრჩეველი არ გადაწყვეტს, თუ რომელ პარტიას მისცემს ხმას. სამწუხაროდ, ეს ფაქტორი ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვანი არ არის", - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.