logo_geo
eng_logo
ალი ბაბაევი: საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის დამსახურება კი ის არის, რომ მათ 2012 წელს ხელმძღვანელად აირჩიეს „ქართული ოცნება“
- +

8 ნოემბერი. 2023. 23:26

 

ალი ბაბაევი საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრი განცხადებას ავრცელებს.

 

"2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ გუნდთან და მრავალრიცხოვან მხარდამჭერებთან ერთად უდიდეს გამოწვევებს უმკლავდება, მაგრამ, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის მიერ საფუძველჩაყრილი საქმე წარმატებული აღმოჩნდა _ ეკონომიკური აღმავლობა ნელა, მაგრამ მაინც მიიწევდა წინ, მოქალაქეთა სოციალური ყოფა წლების განმავლობაში თანდათან უმჯობესდებოდა, ყალიბდებოდა პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოება.

 

ყოველივე ეს კი იმის წინაპირობა იყო, რომ ქვეყანა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდებოდა და ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური ნაწილი ხდებოდა, როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური და ცხადია, პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ეს არ იყო ადვილი.

 

ყველამ ვიცით, რა მემკვიდრეობა ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ _ დატერორებული და განადგურებული წვრილი და საშუალო ბიზნესი, კატასტროფული მდგომარეობა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, განუკითხაობა ჯანდაცვის სფეროში და ა.შ. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება წაგებული ომის შედეგები და დაკარგული ტერიტორიები გახლდათ... ასეთ ვითარებაში ე.წ. ოპოზიციის, სინამდვილეში კი ჩასაფრებული მტრების, „საბოტაჟნიკების“ ზეწოლების ქვეშ „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ მოხდა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, შემდეგ იყო ნაკისრი ვალდებულებების აღსრულების საპასუხისმგებლო პროცესი, მერე ვიზალიბერალიზაცია და უვიზო მიმოსვლის ნებართვა ევროკავშირის ქვეყნებში. დღეს კი ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ _ ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მუდმივად ომის საფრთხის წინაშე მყოფი ჩვენი ქვეყნისთვის ევროკომისიის რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება რეგიონში სტაბილურობის გარანტი. საქმე ისაა, რომ რეკომენდაცია და შემდგომ წევრობა თვით ოკუპანტი ქვეყნისთვისაც კი არ გახლავთ საფრთხის შემცველი, რადგან ეს სტატუსი არ გვანიჭებს რომელიმე სამხედრო ალიანსში გაწევრიანების ვალდებულებას, თავად ეს კავშირიც არ გახლავთ სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების.

 

ისტორია რომ გავიხსენოთ, რუსეთიც კი ევროპისკენ მიილტვოდა ძველთაგანვე _ დიდმა რუსმა იმპერატორმა პეტრე პირველმა, რომლითაც ამაყობს დღეს რუსი ერი, ე.წ „ფანჯარა გაჭრა ევროპისკენ“ და რუსეთი ევროპის კულტურას აზიარა... დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად „თერგდალეულების“ დიდი ნატვრაც აასრულა _ ევროპის დიდი ოჯახს ჩვენც ვუახლოვდებით... ახლა გვევალება უფრო გავაღრმავოთ დიპლომატიური, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები მეზობელ და ევროპის ქვეყნებთან, ჩინეთთან, ინდოეთთან და სხვა სტრატეგიული დანიშნულების სავაჭრო და პოლიტიკურ პარტნიორებთან.

 

მსოფლიო ცივილიზაციის შექმნაში საქართველო ყოველთვის იღებდა მონაწილეობას და ახლაც უნდა თქვას თავისი სიტყვა და ის უნდა იყოს მშვიდობისა და სტაბილურობის მაგალითი როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში, მრავალი შინა და გარე მტრის ხელის შეშლის და ომისკენ წაქეზების მიუხედავად, ავისმოსურნეების ენების მიტან-მოტანის მიუხედავად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში კორუმპირებულთა კაბინეტებში გაძრომ-გამოძრომის და საქართველოს ავად დასმენის პერმანენტულად მიმდინარე პროცესების მიუხედავად, ქართულმა საზოგადოებამ, ევროპამ და მსოფლიომაც თვალნათლივ დაინახა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსული ორიენტაციის კი არა, სწორედ ევროპული ორიენტაციისაა, ატარებს დამოუკიდებელ პოლიტიკას და არაა ვინმეს ხელქვეით, როგორიც იყო სააკაშვილის მმართველობა და თუ საქართველო დღეს უკვე რეალურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის არის მზად, ეს ჩვენი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძნული პოლიტიკის, გუნდის თავდაუზოგავი შრომის და პარლამენტის პასუხისმგებლიანი დეპუტატების შრომის შედეგია.

 

წინა ხელისუფლების ნარჩენები კი გაჰყვირიან, რაც მოხდა, ჩვენი დამსახურებააო. დიახ, მათი დამსახურება იყო და არის მუდმივი არეულობის მცდელობა, ომში ჩათრევის სურვილი და ქვეყნის განადგურება საკუთარი კეთილდღეობისთვის. საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის დამსახურება კი ის არის, რომ მათ 2012 წელს ხელმძღვანელად აირჩიეს „ქართული ოცნება“, რომელმაც ევროპის დიდ გზაზე გაიყვანა საქართველო, ასე რომ, ყოველივე ეს „ქართული ოცნების“ კი არა, სინამდვილეში, ქართველი ხალხის და საქართველოს მოსახლეობის ღვაწლის შედეგია. თავის დროზე ჩვენი დიდი მამულიშვილი ილია ჭავჭავაძე ამბობდა: ბრძოლაშია ძალა და სიცოცხლეო. ბრძოლა გრძელდება _ საქართველო არ დაღლილა, როგორც შინაურ, ასევე გარეშე მტრებთან იდეურ და პოლიტიკურ ბრძოლაში, წინ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა.

 

გილოცავთ თანამემამულეებო ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველო გაიმარჯვებს! ჩვენი გზა ევროპისკენ შეუქცევადია!"- განაცხადა ალი ბაბაევმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner