"სასიამოვნოა, როდესაც ევროკომისიამ კარგად შეაფასა და დაინახა ის, რაც საქართველომ გააკეთა თუნდაც ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ეს იყო ალბათ გადამწყვეტი ამ რეკომენდაციისთვის, რადგან ჩვენ რეფორმების 10-წლიანი ისტორია გვაქვს ევროინტეგრაციის კუთხით, მაგრამ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ აღიარების მოპოვებისთვის," - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დარჩენილი რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიციის მონაწილეობაზეც ისაუბრა.
„არ ვიცი რამდენად შეიძლება გვქონდეს მათი ჩართულობის მოლოდინი, განსაკუთრებით ამ ბოლო ერთი წლის შემხედვარე. რასაც ვაკვირდებით ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, ყველაფერი ვნახეთ გარდა იმისა, რომ ხელი შეეწყოთ ამ პროცესისთვის. ჩვენ ევროპელი კოლეგების, მეგობრების მხრიდან არაერთი მოწოდებაც ვიხილეთ, რომ ამ პროცესში ჩართულიყვნენ და მიეღოთ მონაწილეობა საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში, თუმცა ვნახეთ საპირისპირო, არაერთი ხელისშემშლელი მომენტი, არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის დედაქალაქებშიც. ნაკლებად სავარაუდოა, მათგან რაიმე უკეთესს ველოდოთ ახლო მომავალში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.