საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორს ბრის როკფეის შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მისი შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობაზე. ირაკლი ბერაიამ მასპინძელ მხარეს საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევების, ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარების შესახებ უახლესი ინფორმაცია გააცნო.
ქართველი კანონმდებელი ფრანგ დიპლომატს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე და რუსული ოკუპაციის სხვა მძიმე შედეგებზე ესაუბრა. აღინიშნა საოკუპაციო ძალაზე წნეხის გაზრდის საჭიროება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისა და დეოკუპაციის მიზნით.
კომიტეტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ევროპული ინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ რეფორმებზე და ხაზი გაუსვა კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
ირაკლი ბერაიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და ალიანსის მოკავშირეების მხრიდან ასპირანტი საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილების აუცილებლობაზე, ასევე, შავი ზღვის რეგიონში NATO-ს გაძლიერებული ყოფნის საჭიროებაზე.
როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
ქართული დელეგაციის წევრებმა ფრანგულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, ალექსანდრე ტაბატაძე და თენგიზ შარმანაშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი და დესპანი ეკატერინე კოკაია მონაწილეობდნენ.