ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, გია ცაგარეიშვილი ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
„მოვისმინე სხვადასხვაგვარი შეფასება, მათ შორის ბევრი კრიტიკული შეფასება იყო. უფრო სწორედ, არ დაფასება ჩვენ მიერ გაწეული საქმის. ისეთი ხალხი საუბრობდა ხალხზე, რომელთაც ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. როგორც აღმოჩნდა, ახლა მათაც უხარიათ. თუმცა, მათი წვლილი ამაში სამწუხაროდ, თვეების განმავლობაში ვერავინ დაინახა“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.
ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.