ილია დარჩიაშვილმა ევროკომისიის რეკომენდაცია კიდევ ერთხელ შეაფასა. „ქრონიკასთან“ საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ორმხრივი დღის წესრიგი უფრო კომპლექსური ხდება.
„ამ გადაწყვეტილებით შეუქცევადი გახდა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, რადგან კანდიდატი ქვეყნის სტატუსით საქართველო ჩადგება იმ ქვეყნების რიგში, რომელთა საბოლოო წევრობა ევროკავშირში გარდაუვალი იქნება. შესაბამისად, რაც უფრო ვუახლოვდებით ევროკავშირს, მით უფრო კომპლექსური ხდება ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი ევროკავშირთან, უფრო მასშტაბური ხდება რეფორმები, აქსელერაციას მოითხოვს ეს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.
ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.