საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პირველი კურსის იმ ორმოცამდე სტუდენტს შეხვდა, რომლებიც არქიტექტორ-რესტავრატორისა და კულტურული ფასეულობების რესტავრატორის პროფესიას უნდა დაეუფლონ.
სტუდენტებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ აზნაურაშვილი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) ლალი თარიმანიშვილი, ვიცე-რექტორი ნოდარ ამაშუკელი, რესტავრაცია/ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკანი თამარ ხუნდაძე, არქიტექტორ-რესტავრატორები ტარიელ კიპაროიძე, თამარ ნემსაძე და ლაშა შარტავა, არქიტექტორი დავით აბულაძე და სფეროს წარმომადგენლები.
სტუდენტებთან საუბრის თემა შეეხებოდა ფაკულტეტზე სასწავლო პროცესს, რესტავრაციის მიმართულების ცალკე ფაკულტეტად ჩამოყალიბებას, მნიშვნელობას სახელოვნებო სფეროს განვითარებისთვის, პროფესიის პოპულარიზაციისა და სფეროს ახალი კადრებით, ახალგაზრდებით, გამდიდრების საკითხს.
შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ეროვნულ მუზეუმში სტაჟირების შეთავაზება და მათი მომავალი დასაქმების პერსპექტივის შესახებ საუბარი. კერძოდ, სტაჟიორები მონაწილეობას მიიღებენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებში, ასევე, საპროექტო დოკუმენტაციების განხილვაში. სტაჟირების პროგრამა ორი მიმართულებით წარიმართება - ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაციისა (კედლისა და დაზგური მხატვრობის, არქეოლოგიური არტეფაქტების რესტავრაცია) და არქიტექტურული ძეგლების რესტავრაციის მიმართულებით.
შეხვედრაზე სტუდენტებს საჩუქრად გადაეცათ ვახტანგ ცინცაძის წიგნი ძველი თბილისის ხუროთმოძღვრების შესახებ, რომელიც კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2022 წელს.
ინფორმაციისთვის: პირველკურსელთა ნაკადი, რომელმაც სამხატვრო აკადემიაში 2023 წელს ჩააბარა, რეფორმის შესაბამისი ახალი წესით ჩატარებული შემოქმედებითი კონკურსის შედეგად ჩაირიცხა. კერძოდ, აკადემიაში შემუშავდა შემოქმედებითი კონკურსის ახალი დებულება, რომელიც საშუალებას იძლევა, თითოეული აბიტურიენტის შემოქმედებითი შესაძლებლობები უფრო ზუსტად შეფასდეს. აქამდე სახვითი ხელოვნების, დიზაინის, მედიახელოვნებისა და არქიტექტურის ფაკულტეტების ყველა პროგრამის აბიტურიენტებისთვის შემოქმედებითი კონკურსი მხოლოდ ხატვაში ტარდებოდა, ხოლო წელს შემოქმედებითი კონკურსის ახალი მოდელი ორ ეტაპს მოიცავდა:
პორტფოლიოები და საგამოცდო ნამუშევრები შემოქმედებითი კონკურსის კომისიამ ანონიმურად შეაფასა.
მიმდინარე წელს სამხატვრო აკადემიაში ჩაბარების სურვილი 854-მა აბიტურიენტმა გამოთქვა, რაც ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აკადემიაში ჩაირიცხა 309 აბიტურიენტი და პირველკურსელთათვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილები სრულად შეივსო.
წელს რესტავრაციის ფაკულტეტზე ადგილები ასე განაწილდა:
არქიტექტურის რესტავრაცია/კონსერვაცია - 26 სტუდენტი (ექვსი სტუდენტი აკადემიაში გადავიდა მობილობის შედეგად);
ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაცია - 13 (სამი სტუდენტი აკადემიაში გადავიდა მობილობის შედეგად);
გასულ წელს არქიტექტურის რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულებაზე ხუთი, ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაციის მიმართულებაზე კი ათი ადგილი იყო გამოცხადებული.
სამწუხაროდ, 2020 და 2021 წლებში სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულებით აბიტურიენტთა მიღება საერთოდ არ გამოცხადებულა, რაც დარგში კადრების მწვავე დეფიციტს კიდევ უფრო ამძაფრებდა.
2023 წელს, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენლის წინააღმდეგობის მიუხედავად, კულტურის სამინისტრომ სამხატვრო აკადემიის ხელმძღვანელ პირთა დიდი უმრავლესობა დაარწმუნა მიდგომის შეცვლის საჭიროებასა და აუცილებლობაში. შედეგად, 2023 წლის 7 აპრილს აკადემიურმა საბჭომ (ოქმი N19) მხარი დაუჭირა რესტავრაციის მიმართულების ცალკე ფაკულტეტად გამოყოფის წინადადებას, რადგან სახელმწიფომ რესტავრაცია პრიორიტეტულ დარგად აღიარა.
სამხატვრო აკადემიის გამოცდების შედეგები აჩვენებს, რომ ახალგაზრდებში არქიტექტურის რესტავრაცია-კონსერვაციისადმი ინტერესი არსებობს და მოცემული მიმართულებით უნივერსიტეტში ვაკანტური ადგილის შექმნა აზრს მოკლებული არ ყოფილა.
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარმატება უსურვა სტუდენტებს სწავლაში, შრომისმოყვარეობასა და გეგმების მიღწევის საქმეში.