„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა შედის ისეთ ფაზაში, რა დროსაც იქნება ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც მოგვიწევს შეთანხმება ევროკავშირის ინსტიტუტებთან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება და ეს არის განგრძობადი პროცესი. აქ არა მხოლოდ 9, არამედ 90 და 190 საკითხი იქნება, რომელიც ჩვენი ასოცირების დღის წესრიგით იქნება გათვალისწინებული. როგორც ასოცირების დღის წესრიგს ვასრულებთ და გვაქვს მაღალი მაჩვენებელი, ზუსტად ასე გავაგრძელებთ ამ პირობების შესრულებასაც“, - ამბობს ჩიქოვანი.
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.
ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.