საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პრეზიდენტი თუ პარიზში მთავრობის თანხმობის გარეშე მიდის, ეს კონსტიტუციის დარღვევის რეციდივია.
„პრეზიდენტი თუ პარიზში მთავრობის თანხმობის გარეშე მიდის, ეს კონსტიტუციის ხელმეორედ დარღვევაა, კონსტიტუციის დარღვევის რეციდივია, რაც არ მგონია, მის პოლიტიკურ საქმიანობას წაადგეს, ან მის საქმიანობას, როგორც პრეზიდენტისას.
არ ვიცი, მთავრობამ თანხმობა მისცა თუ არა. რაც შეეხება მის განცხადებას დეპოლარიზაციაზე, ტერმინებს ნუ ავურევთ, რადგან ამ შემთხვევაში დეპოლარიზაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის იგულისხმება. როცა დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, ამას პარტიებს შორის ვულისხმობთ. მათ შორის პარლამენტშიც“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ,,პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა, რომელიც 10-11 ნოემბერს გაიმართება.