"ის, რომ ევროკავშირი სხვა ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებაზეა მომართული, ჩვეულებრივი რუსული ნარატივია," - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი Live“-ის წამყვანის კითხვას, რომელმაც მას ოპონენტების განცხადებები შეახსენა იმაზე, რომ ევროკავშირი ხელისუფლების ცვლილებას ითხოვს საქართველოში და სწორედ ამიტომ ჩაიწერა ახალ რეკომენდაციებში არჩევნების სამართლიანად ჩატარების პუნქტი.
„ერთადერთი ქვეყანა ამ დედამიწაზე, რომელიც სხვა ქვეყანაში ითხოვს ხელისუფლების ცვლილებას, ეს არის რუსეთი. თუ ამას ამბობს ოპოზიცია, ის უკვე ეწინააღმდეგება პირველივე რეკომენდაციას ამ ცხრა ახალი რეკომენდაციიდან, ანტიევროპული დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. ის, რომ ევროკავშირი სხვა ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებაზეა მომართული, ჩვეულებრივი რუსული ნარატივია. როდესაც ცდილობენ ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ, მინდა დისკუსიას ერთი სიცხადე შევმატო. არის ასეთი გამოთქმა, რომელიც ლინკოლნს ეკუთვნის - ხალხის მიერ ხალხისთვის და ხალხისგან არის სწორედ დემოკრატია შექმნილი. იდეა არის შემდეგი, რომ ხალხი არის ხელისუფლებაში, მას აქვს ხალხის მანდატი და ის იღვწის ხალხისთვის. ეს არის დემოკრატიის გაგება. ნებისმიერი გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლების, ეს კვლავ არის რუსული ნარატივი. ერთადერთი ქვეყანა, ვინც ამას აკეთებს, არის რუსეთი. აბსოლუტურად აბსურდული მსჯელობაა, როდესაც ამაში სურთ ჩვენი შეყვანა. დემოკრატიის ელემენტარული გაგება არის, რომ ეს არის ხალხის მიერ, ხალხის სახელით და ხალხისთვის მართვა. ასე მართავს ზუსტად „ქართული ოცნება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.