„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამას აქვეყნებს და საუბრობს სხვადასხვა რეფორმებზე, რომლებიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს. ერთ-ერთი პუნქტი ტურიზმის, როგორც პრიორიტეტული მიმართულების განვითარებას ეთმობა.
„ტურიზმის, როგორც პრიორიტეტული დარგის შემდგომი განვითარებისთვის „ქართული ოცნება" განახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
- მოწესრიგდება და განვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა, კეთილმოეწყობა კულტურულ ძეგლებთან და სხვა ღირსშესანიშნაობებთან მისასვლელი გზები, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის სტიმულირებას;
- გააქტიურდება მარკეტინგული აქტივობები მიზნობრივ და პოტენციურ ბაზრებზე, რაც ხელს შეუწყობს მეტი უცხოელი ტურისტის და შესაბამისად, მეტი შემოსავლის მოზიდვას ქვეყანაში;
- მოხდება დაცული ტერიტორიების გაფართოება და ეკოტურიზმის ხელშეწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა;
- ხელი შეეწყობა ტურიზმის სხვადასხვა ტიპის განვითარებას (მათ შორის სამედიცინო, სპორტული, ღვინის და ა.შ);
- საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით, საკონვენციო ბიუროს საშუალებით მოხდება მეტი მრავალმხარჯველიანი ტურისტის მოზიდვა საქართველოში, ასევე ამ მიმართულებით ინვესტიციების წახალისება და ხელშეწყობა;
- განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მომსახურების სფეროში მომუშავე პერსონალის გადამზადებაზე, მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებამდე გაზრდის მიზნით;
- ტურიზმის პოლიტიკაში ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნება საქართველოს გადაქცევა ოთხი სეზონის ტურისტულ ქვეყნად, რაც უზრუნველყოფს ტურიზმიდან ახალი შემოსავლების მიღების და წლის განმავლობაში მათი სტაბილური განაწილების საშუალებას;
- ზამთრის კურორტების შემდგომი განვითარება მოხდება გააზრებული განვითარების და განაშენიანების გეგმის მიხედვით, მათ შორის გათვალისწინებული იქნება კურორტების ზაფხულის განმავლობაში დატვირთვის შესაძლებლობები;
- ხელი შეეწყობა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტურისტული პროდუქტის შექმნისა და მარკეტინგის კუთხით;
- 40%-ით გაიზრდება და 2020 წლისთვის 8 მილიონს გადააჭარბებს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა;
- თითქმის გაორმაგდება საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და „ქართული ოცნების" მმართველობის შემდგომი 4-წლიანი ციკლის ბოლოს 3,5 მლრდ დოლარს მიაღწევს;
- ტურიზმთან ასოცირებულ ინდუსტრიებში სამუშაო ადგილების საშუალო წლიური რაოდენობა გაიზრდება არანაკლებ 80 ათასით", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.