logo_geo
eng_logo
„ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში ანტვერპენში ანსამბლ „ბასიანის“ სოლო კონცერტი გაიმართა
- +

10 ნოემბერი. 2023. 15:32

 

 

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე ქართული კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, თეატრ „დე სინგელში“, 9 ნოემბერს „ბასიანის“ სოლო კონცერტი გაიმართა. საღამოზე ანსამბლმა შეასრულა ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები: „ჭონა“, „ოდოია“, „ჩელა“, „ხასანბეგურა“, „ჩაკრულო“, „შემოქმედურა“, „თამარ დედფალ“, „შენ ხარ ვენახი“, „საშოთ მთიებისა“ და სხვ. ღონისძიებას საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კონცერტმა ბელგიელი მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

ანსამბლი 10 ნოემბერს მეორე კონცერტს გამართავს ქ. ანტვერპენში, ხოლო 15 ნოემბერს ბელგიაში გაიმართება ,,ბასიანისა“ და ,,დებ ჩამგელიანების“ ერთობლივი კონცერტი. 16 და 17 ნოემბერს ბელგიის ორ ქალაქში - ნამურსა და ლიეჟში ,,ბასიანი“ მაყურებლის წინაშე კვლავ სოლო კონცერტით წარდგება. საგულისხმოა, რომ 5 ოქტომბერს ბელგიაში, საერთაშორისო ფესტივალ ,,ევროპალია-საქართველოს“ ოფიციალური გახსნისას, საზოგადოებამ მოისმინა ქართული ფოლკლორული და ტრადიციული მუსიკა ანსამბლ „ბასიანის“ შესრულებით. საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა 25, 26 და 30 ოქტომბერს ბრიუგეში, ბრიუსელსა და ჰააგაში ანსამბლ „ბასიანის“, გორის ქალთა კამერული გუნდისა და საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის გაერთიანებულმა კონცერტებმა.

 

შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგია მასპინძლობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიას“, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს. „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება.

 

ფესტივალი უნიკალური შესაძლებლობაა ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ისტორიისა და კულტურის წარმოსაჩენად, განსაკუთრებით - წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მოლოდინის ფონზე.

 

კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მოიცავს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს, მულტიდისციპლინურ და მულტინაციონალურ პროექტებს, რომლებიც სტუმარი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს. ფესტივალის სტუმრებს ოთხი თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას. ევროპელი საზოგადოება დაესწრება ეროვნული საგანძურის ორ მასშტაბურ და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენას - „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“, თანამედროვე ქართველი არტისტების პერსონალურ გამოფენებს, მულტიდისციპლინურ პერფორმანსებს, ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ლიტერატურულ შეხვედრებსა და ქართული კინოს რეტროსპექტივას. საფესტივალო პროგრამა ასევე მოიცავს ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივ პროექტებს.

 

2023 წლის „ევროპალია-საქართველოს“ საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე:

https://europalia.eu/.../euro.../europalia-georgia-programme

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner