logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ხელისუფლებამ გაიმარჯვა შინ და გარეთ დანაღმულ პოლიტიკურ ველზე ბრძოლაში და ჩვენც „ხალხის ძალამ“, რომელმაც ღიად დაიწყო საუბარი იმ თემებზე, რაზეც „ქართული ოცნება“ ვერ და არ საუბრობდა
- +

10 ნოემბერი. 2023. 18:45

 

 

ევროპის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორებად აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაციის გაცემას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და ხელისუფლების დამსახურებაა.

 

„მე ვთვლი, რომ „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი ამ გადაწყვეტილებით არის ერთი ძალა და ეს ძალიან კარგად გამოიკვეთა გამოჩნდა. რეალურად ევროპამ გამოასწორა ის ისტორიული შეცდომა, რაც მან დაუშვა და რას გულისხმობდა ეს შეცდომა - მას საბაბად და სატყუარად მისცა სტატუსი დესტრუქციულ ძალებს, რომლებმაც ქვეყანაში არეულობისთვის გამოიყენეს ის პერიოდი, რაც მათ ხელში ჩაუვარდათ.

 

საილუსტრაციოდ შემიძლია მოვიყვანო მურმან დუმბაძის სიტყვები, შემირცხვენია ის ევროპა, რომელიც ჩვენ სტატუსს მოგვცემსო; იგივე მისი სიტყვები იყო, რომ ქართველ ხალხს სტატუსი არ ეკუთვნოდა; ამას მიება მიხეილ სააკაშვილის თემა სტატუსთან დაკავშირებით; გიგა ბოკერიას გამონათქვამი, რომ საერთოდ არ იყო სტატუსი და თუ მოგვცეს, ეს ისევ და ისევ მხოლოდ ხალხის დამსახურებაა და ა.შ. ეს მაგალითები მოვიყვანე იმისთვის, რომ გავიხსენოთ, რა დამოკიდებულება ჰქონდათ დესტრუქციულებს სტატუსთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში, გაიმარჯვა შინ და გარეთ დანაღმულ პოლიტიკურ ველზე ბრძოლაში და ჩვენც მათ შორის, გავიმარჯვეთ, იმიტომ, რომ „ხალხის ძალა“ იყო ერთ-ერთი, რომელმაც ღიად დაიწყო საუბარი ყველა იმ თემაზე, რომელზეც „ქართული ოცნება“ ვერ და არ საუბრობდა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე და დიახ, ეს არის ჩვენი გამარჯვებაც და ქართველი ხალხის გამარჯვება“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

 

მისი თქმით, უეჭველია, რომ საქართველო შეძლებს ევროკავშირის რეკომენდაციების ჯეროვნად შესრულებას და საბოლოო გამარჯვების მოპოვებას.

 

„მე ეჭვი არ მეპარება, რომ დღევანდელი სახელისუფლებო გუნდი და ის ადამიანები, ვინც ამ ბრძოლის ავანგარდში ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომ სწორად იქნეს აღქმული ის რეკომენდაციები, რომლებიც გაიცა ევროკომისიის მიერ და შესრულდეს.

 

ამ პროცესში მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში იქნეს შენარჩუნებული სტაბილური და თანმიმდევრული განვითარების შესაძლებლობა, იყოს მშვიდობა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობა, იმიტომ, რომ პოლიტიკურ პლურალიზმს, რომელსაც ითხოვს ევროსაბჭო და ევროკომისია, სჭირდება ინკლუზიური პოლიტიკური გარემო და ამაში ლომის წვლილი უნდა გაიღოს ოპოზიციურმა სპექტრმა, რომელიც დღეს რატომღაც იბრალებს იმ მიღწევას, რასაც ჰქვია სტატუსი“, - აღნიშნა თამთა მეგრელიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner