logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მსოფლიოს სჭირდება მშვიდობის მოყვარული, მშვიდობის შემქმნელი ლიდერშიფი, მთავრობებს სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც მოიტანენ მშვიდობას
- +

10 ნოემბერი. 2023. 19:41

 

 

„მე ფორუმზე ვთქვი, რომ დღეს მსოფლიოს სჭირდება მშვიდობის მოყვარული, მშვიდობის შემქმნელი, გარანტიის მიმცემი ლიდერშიფი, მთავრობებს სჭირდებათ უფრო ნაკლები ომის მსურველი ადამიანები და ადამიანები, რომლებიც მოიტანენ მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას მოუტანენ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

პრემიერის თქმით, მან ფორუმზე ისაუბრა საქართველოს წარმატების მაგალითზე და იმაზე, რომ ქვეყანამ გააზრებული, მიზანმიმართული, თანმიმდევრული პოლიტიკით ბოლო ათ წელიწადში მოახერხა ის, რომ გაამყარა მშვიდობა და სტაბილურობა, რაც გახდა წარმატების განმაპირობებელი.

 

„მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა და ეს ფორუმი, რომელიც იმართება პარიზში, „მშვიდობის ფორუმი“, ვფიქრობ, რომ საკმაოდ დროულია. მე პანელზე მქონდა საშუალება, მესაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე. მსოფლიო სავსეა კრიზისებით, კონფლიქტებით, ომებით და არ ჩანს არავითარი გადაწყვეტა და გადაწყვეტის გზები. ქვეყნებს და პირველ რიგში, ხალხს, ადამიანებს სჭირდებათ, რომ ლიდერებისგან მოისმინონ გამოსავლის გზები, იმიტომ, რომ თუ კრიზისი, კონფლიქტები და ომები მსოფლიოში ვერ დასრულდება, ამით თუ ვინმე ზარალობს, ეს არის ადამიანები და ხალხი.

 

მე პანელზე მქონდა დისკუსია, ვისაუბრე ჩვენი ქვეყნის წარმატების მაგალითზე. წარმატების მაგალითი არის შემდეგი, რომ ჩვენ ჩვენი ძალიან გააზრებული, მიზანმიმართული, თანმიმდევრული პოლიტიკით ბოლო ათ წელიწადში მოვახერხეთ ის, რომ ერთის მხრივ, შევინარჩუნეთ მშვიდობა, გავამყარეთ მშვიდობა და სტაბილურობა და ეს გახდა განმაპირობებელი იმ წარმატებებისა, რომელზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, თუნდაც ევროინტეგრაცია, თუნდაც უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ბოლო ათ წელიწადში, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა გასამმაგდა. იყო 27 მილიარდი, გახდა 85 მილიარდი, დოლარში გაორმაგებულია პერკაპიტა. ასე რომ, ეს არის ის წარმატება, რომელზეც მე მქონდა საუბარი. დღეს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ძალიან შეწუხებული, იმიტომ, რომ არავინ იცის, როდის დასრულდება უკრაინაში ომი, როდის დასრულდება ახლო აღმოსავლეთსა და ისრაელში განვითარებული მოვლენები, ეს ბუნებრივია, არის ჩვენი წუხილის საგანი. ამიტომ, ასეთი ტიპის ფორუმების გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ლიდერებმა უნდა გააჟღერონ დამაჯერებელი და იმედისმომცემი მესიჯები. კონკრეტული გზებია საჩვენებელი. მე ვთქვი, რომ დღეს მსოფლიოს სჭირდება მშვიდობის მოყვარული, მშვიდობის შემქმნელი, გარანტიის მიმცემი ლიდერშიფი, მთავრობებს სჭირდებათ უფრო ნაკლები ომის მსურველი ადამიანები და ადამიანები, რომლებიც მოიტანენ მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას მოუტანენ ხალხს. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი. რეგიონში ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოწვევები, ჩვენს შემთხვევაში 20%-ის ოკუპაცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ბუნებრივია. მაგრამ, ამას, მე მჯერა, ჩვენს მიერ განსაზღვრული გააზრებული სტრატეგიული  მოთმინებისა და გრძელვადიანი მშვიდობიანი პოლიტიკის შედეგად, ჩვენ მოვახერხებთ დეოკუპაციას ჩვენი ტერიტორიების. ეს არის ძირითადი შეჯამება ჩემი პარიზში ვიზიტის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მადლიერნი ვართ საფრანგეთის, პრეზიდენტ მაკრონის, რომელმაც ასეთ მხარდაჭერა გამოუცხადა ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. მე ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, შარლ მიშელს, ჩვენს მეგობარს, ოლივერ ვარჰეის და ყველას, ვინც იყო და რჩება ჩვენი ქვეყნის წარმატების მხარდამჭერი“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner