logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი: საქართველო ცარიელი ხელებით არ მიდის ევროპაში და მას თავისი წილი პასუხისმგებლობა და სარგებელი აქვს ევროკავშირისათვის
- +

11 ნოემბერი. 2023. 10:10

 

 

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია რამდენად აისახება საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკაზე და აკისრებს თუ არა ეს რაიმე დამატებით ვალდებულებებს ქართულ მხარეს, ამ თემაზე მედიასთან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა ისაუბრა.

 

მისი თქმით, საქართველო ისედაც ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც ასოცირების შეთანხმებაში არის გაწერილი და კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ რაიმე დამატებითი ვალდებულებები ამ მიმართულებით საქართველოს არ დაეკისრება.

 

„ტრანსპორტის, მათ შორის, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში საქართველო ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც გაწერილია ასოცირების შეთანხმებაში და ეს რეფორმები მუდმივად მიმდინარეობს. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ ცვლილებები კანონმდებლობაში, რომელიც საზღვაო ტრანსპორტს ეხებოდა. ასევე, მივიღეთ ცვლილებები, რომლებიც სახმელეთო ტრანსპორტის უფრო გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს.

 

ასოცირების შეთანხმებაში ვადები წინასწარ არის გაწერილი, რაზეც მოლაპარაკება გვქონდა ჯერ კიდევ 2013 წლიდან და შესაბამისად, ეს ვადები გაცილებით ადრე იყო ცნობილი. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის მიღებას, სატრანსპორტო სფეროში ამას ძირეული და რადიკალური ცვლილებები არ მოყვება, რადგან ვალდებულებები, რაც გვაქვს, იგივე დარჩება და გაგრძელდება მათი შესრულება. ეკონომიკის სამინისტრო გეგმის მიხედვით მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენი კომიტეტიც მჭიდრო კოორდინაციაშია როგორც ეკონომიკის სამინისტროსთან, ასევე ყველა იმ შესაბამის უწყებასთან, რომელსაც ეხება მსგავსი ცვლილებები.

 

ამდენად, მუშაობა მიმდინარეობდა და მომავალშიც გაგრძელდება იმ ვალდებულებების შესრულების მიზნით, რაც ასოცირების შეთანხმებაში უკვე არის გაწერილი. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, აქ შემიძლია ერთ საკითხს გავუსვა ხაზი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არის მნიშვნელოვანი მოთამაშე და ევროპაც არის დაინტერესებული იმით, რომ საქართველო იყოს მის შემადგენლობაში იმიტომ, რომ საქართველო წარმოადგენს ევროკავშირის ეკონომიკური, ენერგეტიკული, ციფრული და ა.შ. უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ რგოლს. ასე რომ, საქართველო ასე ვთქვათ, ცარიელი ხელებით არ მიდის ევროპაში და მას თავისი წილი პასუხისმგებლობა და სარგებელი აქვს ევროკავშირისათვის“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner