შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას მიერ დადგმული ძველი ბერძენი დრამატურგის, ტრაგედიის მამად წოდებული ესქილეს, პიესის, „მიჯაჭვული პრომეთეს“, მეორე ეპიზოდის პრემიერა გაიმართა. სპექტაკლს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
ესქილემ პრომეთეს სამი პიესა მიუძღვნა, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ ერთმა - „მიჯაჭვულმა პრომეთემ“ მოაღწია. ესქილეს ამ პიესაში ადამიანი კაცობრიობის გადასარჩენად იბრძვის. ზევსმა პრომეთე დასაჯა, ის კი მაინც განაგრძობს გმირულ ბრძოლას, არ ნებდება და ყველა დაბრკოლებას უძლებს. მეორე ეპიზოდში გადმოცემულია ოკეანის ღმერთისა და პრომეთეს შეხვედრა.
„მიჯაჭვული პრომეთე“ ტრილოგიად ჩაფიქრებული სპექტაკლია. მაყურებელმა რუსთაველის თეატრის სცენაზე უკვე ნახა სპექტაკლის პირველი ეპიზოდი, რომელიც გამოჩენილმა რეჟისორმა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დადგა. სწორედ ამ სპექტაკლით გაიხსნა თეატრის 145-ე სეზონი.
სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმეს სვიმონ ჯანგულაშვილმა და რობერტ სტურუამ, ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ლევან ხურცია, მანანა აბრამიშვილი, ანა ამილახვარი, ნინო არსენიშვილი, გოგა ბარბაქაძე, ლუკა გულედანი, ბუკა თოლორდავა, კახა კუპატაძე, ირაკლი კერესელიძე, ბექა მეძმარიაშვილი, ეკა მინდიაშვილი, ტრისტან სარალიძე, ქეთი სვანიძე, გაგი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, დავით უფლისაშვილი, ნატალია ყულოშვილი, ქეთი ხიტირი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს დიდ ქართველ რეჟისორსა და რუსთაველის თეატრის დასს კიდევ ერთ წარმატებულ პრემიერას და მათ ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას უსურვებს.