ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით წარმატებით მიმდინარეობს ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“, რომლის ფარგლებშიც 10 ნოემბერს საფესტივალო დღე დაეთმო აზერბაიჯანული წარმოშობის ქართველი ხელოვანის, უძველესი აზერბაიჯანული ხალხური მუსიკის შემსრულებლის, ნარგილე მეჰთიევას კონცერტს, რომელიც ერთადერთი აშუღი ქალბატონია საქართველოში. ღონისძიება ბრიუგეს საკონცერტო დარბაზში გაიმართა და მასში უცხოელი ფოლკლორისტებიც (Adilia Yip, Youssouf Keita) მონაწილეობდნენ. ნარგილე მეჰთიევამ სიმღერები ტრადიციულ ინსტრუმენტზე შეასრულა.
საღამოს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
14 იანვარს ფესტივალზე, ბრიუსელში, გაიმართება ნარგილე მეჰთიევას კონცერტი DIJF SANDERS-თან ერთად.
შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგია მასპინძლობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიას“, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს. „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება.
ფესტივალი უნიკალური შესაძლებლობაა ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ისტორიისა და კულტურის წარმოსაჩენად, განსაკუთრებით - წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მოლოდინის ფონზე.
კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მოიცავს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს, მულტიდისციპლინურ და მულტინაციონალურ პროექტებს, რომლებიც სტუმარი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს. ფესტივალის სტუმრებს ოთხი თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას.
ევროპელი საზოგადოება დაესწრება ეროვნული საგანძურის ორ მასშტაბურ და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენას - „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“, თანამედროვე ქართველი არტისტების პერსონალურ გამოფენებს, მულტიდისციპლინურ პერფორმანსებს, ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ლიტერატურულ შეხვედრებსა და ქართული კინოს რეტროსპექტივას. საფესტივალო პროგრამა ასევე მოიცავს ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივ პროექტებს.
2023 წლის „ევროპალია-საქართველოს“ საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/.../euro.../europalia-georgia-programme
კონცერტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/.../triple-bill-basiani-ensemble...