წყალტუბოს „სამგურალმა“ ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობისთვის მებრძოლ ბათუმის „დინამოს“ „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ უმასპინძლა, 3:2 მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა.
ბათუმელებმა თამაში კარგად დაიწყეს და ტაიმი 2:1 მოიგეს. პაატა ღუდუშაურმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა. მართალია, ალექსანდრე ვერულიძემ (25) წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 32-ე წუთზე ღუდუშაურმა დუბლი შეასრულა და ბათუმელები კვლავ დააწინაურა.
„სამგურალმა“ ჩემპიონობისთვის მებრძოლ „დინამოსთან“ ბოლომდე იბრძოლა და 47-ე წუთზე ანგარიში ისევ გაათანაბრა. წყალტუბოელების შეტევა დავით მაისაშვილმა დააგვირგვინა. 90+5-ე წუთზე კი ეფექტური გოლით წყალტუბოელებს გამარჯვება ნიკა კალანდარიშვილმა მოუტანა.
33 ტურის შემდეგ წყალტუბოს „სამგურალმა“ 50 ქულა დააგროვა, „საბურთალოს“ დაეწია და მე-6 ადგილზეა. ბათუმის „დინამომ“ (70) პირველობა შეინარჩუნა, მაგრამ „დინამო თბილისთან“ (64) უპირატესობა ვერ გაზარდა და ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.