„უსაფრთხოების სამსახური წარმატებით აგრძელებს საქართველოს და მისი მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისაგან დაცვას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოება საიმედო ადამიანების ხელშია.
„კიდევ ერთი განეიტრალებული საფრთხე და თავიდან აცილებული დანაშაული. უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის დაკავება მორიგ ჯერზე ადასტურებს იმას, რასაც სუს-ზე და მისი კოორდინაციით განხორციელებულ კონტრტერორისტულ ძალისხმევაზე ხაზგასმით აღნიშნავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები – უსაფრთხოების სამსახური სათანადოდ მომზადებული და აღჭურვილია და მაღალი ეფექტიანობით ებრძვის ტერორისტულ საფრთხეებს.
ამ ქმედითი ნაბიჯების უკან დგანან ღირსეული პროფესიონალები, ვისაც არაფერი გამოეპარებათ, რაც საფრთხის შემცველი ან საყურადღებოა. ჩემი დიდი პატივისცემა და მხარდაჭერა მათ. საქართველოს უსაფრთხოება საიმედო ადამიანების ხელშია“, – წერს ბერაია.
ცნობისთვის, სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა.