უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ სხვადასხვა საველე კომპონენტის ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს. წელს „დიდგორი 2023“-ის ერთ-ერთი სიახლე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოხალისეთა რაზმების ჩართვასაც ითვალისწინებს.
კრიზისულ სიტუაციებში კოორდინირებულად თანამშრომლობისა და ეფექტიანად მოქმედებების მიზნით, საჩხერეში წყალდიდობის სცენარის მიხედვით სიმულაციური სწავლება გათამაშდა. ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ასეულმა და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვედანაყოფებმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების „ვემსახურები საქართველოს“ და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის“ წარმომადგენლებთან ერთად სამაშველო ოპერაციები კოორდინირებულად ჩაატარეს.
„დიდგორი 2023“-ის საველე კომპონენტების ერთ-ერთ მიზანს, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით ბუნებრივ კატასტროფაზე რეაგირება, მოხალისეთა ორგანიზაციის კონტროლი, რეზერვისტთა მიღების, აღჭურვისა და მომზადების პროცედურების და უწყებათაშორისი კომუნიკაციის დახვეწა იყო.