„დოკუმენტში წერია და ევროკომისიის პრეზიდენტმაც პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ საქართველოს პროგრესი შეფასებულია სათანადოდ და არამარტო 12 რეკომენდაციის ფარგლებში, არამედ მის მიღმაც. შესაბამისად, როდესაც საუბარია 12 რეკომენდაციის მიღმა გაწეულ ძალისხმევაზე, აქ საუბარია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგზე“, - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ასოცირების დღის წესრიგი ძალიან ფართო და კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც მოიცავს და არის ე.წ. კონსტიტუცია, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროინტეგრაციას.
„უახლოეს პერიოდში გვექნება ასოცირების საბჭო, სადაც საქართველო იქნება წარმოდგენილი უკვე ახალ რეალობაში, როგორც ქვეყანა, რომლის მისამართითაც გაიცა რეკომენდაცია, რომ გახდეს კანდიდატი და წევრი ქვეყანა. პარტნიორებთან კონკრეტულ რეკომენდაციებზე ვისაუბრებთ. გვექნება ძალიან დინამიკური მსჯელობა ძველ რეკომენდაციებზე შეფასებების ნაწილში და ახალ რეკომენდაციებზეც, თუ როგორ ესახებათ მათ და ჩვენც რეკომენდაციების შესრულება დროის თვალსაზრისით და ტექნიკური გადაწყვეტადობის კუთხით. ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.
ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.