logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ოპოზიცია იყოფა ოთხ ნაწილად - კონსტრუქციულებად, რადიკალებად, ხელმოცარულებად და ჩახდილებად!
- +

12 ნოემბერი. 2023. 20:26

 

 

8 ნოემბერს ევროკომისიამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინაშე რეკომენდაცია გაუწია. მიუხედავად იმისა, რომ მთელ ამ რაუნდში ხელისუფლებამ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა, ოპოზიცია კი, პირწმინდად დამარცხდა, ოპოზიციის წარმომადგენლები საქმის სათავისოდ შეტრიალებას მაინც ეცადნენ და თქვეს, ეს ოპოზიციისა და ქართველი ხალხის გამარჯვებააო: „ქართველმა ხალხმა რუსულ ოცნებასა და რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს, პირველი რაუნდი მოუგო. მათი საბოტაჟის მიუხედავად, ჩვენ პირველ რაუნდში გავიმარჯვეთ, - ასე გამოაცხადა დამარცხებულმა ლევან ხაბეიშვილმა თავი გამარჯვებულად... როგორ უპასუხებს უმრავლესობა უმცირესობის ამ ნარატივს? „რეპორტიორის“ სტუმარია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა.

 

- ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დადებითი რეკომენდაციით მიმართა, რათა დეკემბრის თვეში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ოპოზიციას ბევრი არ უფიქრია და სათავისო ნარატივი მალევე მოიფიქრა. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესში არათუ არანაირი დამსახურება არ აქვს, მეტიც, ჩათვალეს, რომ საქმე მოსასამძიმრებლად გაქვთ... ბატონო ირაკლი, რეალურად ვისი დამსახურებაა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია და როგორ უპასუხებთ ოპოზიციის ამ რიტორიკას?

 

- პირადად ჩემთვის ოპოზიცია ოთხ ნაწილად იყოფა: კონსტრუქციულებად, რადიკალებად, ხელმოცარულებად და ჩახდილებად  (ჩახდილები და რადიკალები პრაქტიკულად ერთნი არიან). რაც ახლა თქვენ თქვით, იმ ნარატივის გამტარებლები, ძირითადად, ჩახდილები და ხელმოცარულები არიან. 8 ნოემბრის გამარჯვება ქართველი ხალხის ნებისყოფითა და მმართველი პარტიის ერთობლივი ძალისხმევით მოვიპოვეთ. ჩვენი ერთობით, ღირსებით, ქვეყნის ინტერესების დაცვით მოვიპოვეთ ჩვენი ევროპელი კოლეგების სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან კარგად ავუხსენით მათ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ცალ ფეხზე დგომას არ იმსახურებს. ჩვენი ისტორიით, წარსულით, ბუნებით, სტუმარმასპინძლობითა და დემოკრატიის მიმართულებით ჩვენი უდიდესი გამოცდილებით, ჩვენ ამ გამარჯვებას ვიმსახურებდით. ვისი დამსახურებაა ეს გამარჯვებაო, მკითხეთ და დადასტურებით გპასუხობთ, ამ გამარჯვებას ქართველ ხალხთან ერთად თავისი პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებით, საქართველოს ხელისუფლებამ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიაღწია.

 

- თუმცა, ოპოზიცია ამტკიცებს, „ოცნების“ გუნდს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და, მიუხედავად იმისა, რომ დადებითი რეკომენდაციის მიღება არ სურდათ, ევროპამ მათ სილა გააწნა, რითაც ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახადაო... რა აძლევთ მათ ამის თქმის საფუძველს და, თქვენი აზრით, რატომ ფიქრობენ, რომ საქმე მოსასამძიმრებლად გაქვთ?

 

- გულწრფელად გეტყვით, რას იტყვიან ახლა ეს ხელმოცარულები და ჩახდილები, მეასეხარისხოვანია. თავისი თავის ლუსტრაცია თავადვე მაშინ მოახდინეს, როცა ერთმანეთს „ჩაშვება“ დაიწყეს და საზოგადოებას ამცნეს, თუ როგორი წინააღმდეგნი იყვნენ, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ეს ისედაც ვიცოდით და ხმამაღლაც ვამბობდით, თუმცა, კარგი იყო, რომ ეს ყველაფერი თავადვე დაადასტურეს. მთავარი და მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ღირსებით, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერსების გათვალისწინებით დამსახურებულად მოიპოვა ეს გამარჯვება. ჩვენ გავატარეთ რეფორმები, რითაც საკანონმდებლო აქტები ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებაში მოვიყვანეთ. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა თქვან ამ ხელმოცარულებმა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის სიმართლე ცალსახა და ნათელია. საქართველო ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანაა და, ბუნებრივია, ვიმსახურებთ, რომ საქართველოში იყოს მეტი ევროპა და ევროპაში იყოს მეტი საქართველო! ჩვენ ჩვენი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რომ ღირსეულ განაცხადს გავაკეთებდით ევროინტეგრაციის გზაზე, შევასრულეთ, დეკემბრის თვეში კი, ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას მმართველ პარტიასთან ერთად იზეიმებს!

 

- შეგვიძლია თუ არა დადასტურებით იმის თქმა, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსს აუცილელად მივიღებთ და ერთი თვის განმავლობაში, რაიმე ისე რადიკალურად არ შეიცვლება, რომ 27 ქვეყნიდან ერთი მაინც არ დაიხევს უკან და ჩვენთვის სტატუსის მონიჭებაზე უარს არ განაცხადებს?

 

- ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციას ევროპელი კოლეგები გაითვალისწინებენ და ყველა სახელმწიფო ერთხმად დაუჭერს მხარს საქართველოსთვის სტატუსის მონიჭებას. საპირისპირო გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მათ უბრალოდ არ აქვთ. ბუნებრივია, ხელმოცარულები და რადიკალები შეეცდებიან, ქვეყანა არიონ, დაძაბულობის ესკალაცია მოახდინონ და შექმნან ქაოსი, რათა ევროპას მიღებულ გადაწყვეტილებაზე უარი ათქმევინონ, თუმცა, დადასტურებით ვამბობ, ჩვენ ნეგატიური მოლოდინი არ გვაქვს. თუკი მაინც მოხდა რაღაც სასწაული და უარი გვეთქვა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ამ ჩახდილების „დამსახურება“ იქნება. ევროპამ დადებითი რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებისა და რეკომენდაციების შესრულების შედეგად მიიღო და ეს აღნიშნა კიდეც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 12 რეკომენდაციიდან აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია. შესასრულებელი დარჩა მხოლოდ დეპოლარიზაციის პუნქტი, რომლის განხორციელებაც ჩვენზე მეტად, ოპოზიციის პასუხისმგებლობაა და, დეოლიგარქიზაციის პუნქტი, რომლის კანონპროექტიც ჩვენ უკვე მზად გვაქვს და ახლა ევროპა ჩამოყალიბდება, ვაქციოთ თუ არა ის კანონად. ანუ ყველა ის პუნქტი, რომელშიც ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, შესრულებულია. ამიტომ, დარწმუნებულები ვართ, რადიკალებს არ მიეცემათ საშუალება, რომ ევროინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი შეაფერხონ.

 

- და ბოლოს, კანდიდატის სტატუსს დიდი ალბათობით მივიღებთ - ასეთია პირადად თქვენი და მმართველი გუნდის მოლოდინი. ბატონო ირაკლი, როგორ ფიქრობთ, სტატუსის მიღება იქნება თუ არა მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გარანტირებულ გამარჯვებისა და რადიკალური ოპოზიციის გარანტირებული მარცხის წინაპირობა?

 

- ხომ ატყობთ, ეს ხელმოცარულები ფაქტიურად აღარ ჩანან, რადგან ერთმანეთისთვის სკამების გამოცლით, დაბეზღებითა და ფეხის დადებით არიან დაკავებულნი. ეს მათი ხელწერაა, რა მეთოდებითაც მართავდნენ ქვეყანას, ზუსტად იმავე მეთოდებით ებრძვიან ერთმანეთს პარტიის შიგნითაც. ისე კი, მთავარი ოპოზიციური პარტია რომ გქვია და ხელმძღვანელად ხაბეს დაისვამ, იქ ხომ ნათელია, რომ შენი პოლიტიკური საქმიანობა დამთავრებულია! მერწუნეთ, მომავალ არჩევნებში გაიმარჯვებს საქართველოს მოსახლეობა, რადგან „ქართული ოცნების“ გამარჯვება ხალხის გამარჯვებას, ამ ქვეყნის სიმშვიდეს, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებასა და ევროინტერგაციის პროცესში კიდევ უფრო დიდ წინსვლას ნიშნავს. „ქართული ოცნების“ გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში ომი აღარასოდეს აღარ იქნება და 2024-ში ქართველი ხალხისა და ჩვენი გუნდის მორიგ გამარჯვებას აუცილებლად ვიზეიმებთ!    

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner