„ხელისუფლებისა და ხალხის ერთმანეთისგან დაშორება არის ტიპური რუსული პროპაგანდა. პირველად რუსეთმა სცადა საქართველოში, რომ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დაეშორებინა ხალხისგან და არცერთ ნამდვილ ევროპელს აზრად არ მოუვა, რომ ხელისუფლება და ხალხი ევროინტეგრაციის პროცესში ერთმანეთს დააშოროს“, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ევრორეკომენდაციების შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში რადიკალური ოპოზიციის როლზეც ისაუბრა.
„ისინი იხდიდნენ მილიონებს, რომ წარმოეჩინათ საქართველო, როგორც ანტიევროპული ქვეყანა და მოთამაშე საერთაშორისო არენაზე. ქირაობდნენ ჟურნალისტებს, ლობისტებს იმისთვის, რომ მოეყოლათ ჩვენი პარტნიორებისთვის აბსოლუტურად დამახინჯებული, შეცვლილი და სიცრუეზე დაფუძნებული ისტორია ჩვენი ქვეყნის შესახებ. ამას ემატებოდა [ქვეყნის] შიგნით კამპანია, რომელიც მიმართული იყო ევრორეკომენდაციების წინააღმდეგ - არცერთ სამუშაო პროცესში არ მიიღეს მონაწილეობა და პრაქტიკულად არ დაუჭირეს მხარი არცერთ რეფორმას, რომელიც ევრორეკომენდაციების განხორციელებას ეხებოდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.