„ქართველი ხალხის ინტერესშია, 2024 წლის არჩევნები იყოს იმგვარი, რომელიც ქვეყანას შემდეგი ოთხი წლისთვის სწორ პოლიტიკურ პრიორიტეტებს დაუსახავს და არავის მისცემს საშუალებას, სცადოს რადიკალური დღის წესრიგის დამკვიდრება, როგორც ეს სცადეს 2020 წელს, როცა თითქმის ერთი წელი ქვეყანას აჯანჯღარებდნენ და ბოიკოტს უცხადებდნენ პარლამენტს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „კვირის მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ევროპელი კოლეგების მთავარი ამოცანაა, ოპოზიციასთან იმუშაონ, რომ ისინი 2024 წლის არჩევნებისთვის მომწიფდნენ, რათა მათ შორის, წინასაარჩევნო გარემო საგნობრივ დისკუსიაზე იყოს დამყარებული.
„არათუ ევროპული განვითარება, არამედ ქვეყნის განვითარების გზა ყოველთვის არჩევნებზე გადის. არჩევნები ის დღე და მომენტია, როცა წყდება პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები, მათ შორის წყდება ისიც, ვინ არის მზად დემოკრატიული მსჯელობისთვის და ვინ არ არის ამისთვის მომწიფებული. ასევე, ვის სურს რადიკალიზმი და ექსტრემიზმი. ჩვენი, ქართველი ხალხის ინტერესშია, 2024 წლის არჩევნები იყოს იმგვარი, რომელიც ქვეყანას შემდეგი ოთხი წლისთვის სწორ პოლიტიკურ პრიორიტეტებს დაუსახავს და არავის მისცემს საშუალებას, რომ რადიკალური დღის წესრიგის დამკვიდრება სცადოს, როგორც ეს სცადეს 2020 წელს, როცა თითქმის ერთი წელი ქვეყანას სიყალბით, ტყუილით, მანიპულაციით აჯანჯღარებდნენ და ბოიკოტს უცხადებდნენ პარლამენტს, უარს ეუბნებოდნენ საკუთარ ამომრჩეველს, მათი მანდატი წაროედგინათ პარლამენტში. ჩვენი ევროპელი კოლეგების მთავარი ამოცანაა, ოპოზიციასთან იმუშაონ, რომ ისინი 2024 წლის არჩევნებისთვის მომწიფდნენ, რათა ერთი მხრივ, წინასაარჩევნო გარემო იყოს საგნობრივ დისკუსიაზე დამყარებული და არა იმაზე, რასაც ჩვენ შეჩვეული ვართ ოპოზიციისგან, როცა ერთი-ორი პოპულისტური საკითხი აქვთ და იმისთვის, რომ ემოციებზე იმუშაონ, რაც შეიძლება მეტ ღვარძლს თესავენ. ეს უნდა განაგდონ და საგნობრივი დისკუსიაში შემოვიდნენ. თუ ადამიანი საპარლამენტო საქმიანობას დააკვირდება, ნახავს, რომ როგორც კი საქმე გადადის საგნობრივ მსჯელობაზე, ოპოზიცია ან დარბაზიდან გარბის, ან სუსტია დისკუსიაში. საკმარისია, მინისტრის საათებს შევხედოთ, ისინი შემოიფარგლებიან ხოლმე მხოლოდ კითხვების დასმით და კამერების წინაშე პოზირებით, პასუხებს არც კი ელოდებიან, რადგან საგნობრივი დისკუსიისთვის მზად არ არიან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.