საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „კვირის მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას აფასებს და ევროპასთან დაახლოების გზაზე სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილი ყურადღებას ამახვილებს ამ პროცესში ოპოზიციის ჩართულობაზეც და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, პროცესში თანამონაწილეობის შესაძლებლობა ყველას ჰქონდეს. პაპუაშვილი ამბობს, რომ იმედი აქვს, ოპოზიცია ახლა მაინც გამოიყენებს შესაძლებლობას, რომ „არ ჩამორჩნენ ევროპულ მატარებელს, რომელშიც საქართველოს მოსახლეობაა“. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, უფრო მკვეთრი ხდება იმ მიზნის კონტურები, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის დასახული. შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ როგორც აქამდე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სამომავლოდაც გააგრძელებს მუშაობას ევროინტეგრაციის გზაზე საბოლოო მიზნისთვის.
2024 წლის არჩევნები, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თავსებადობა, რუსეთის მიმართ სანქციები, ევროკავშირის გაფართოება 2030 წელს – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც შალვა პაპუაშვილი ინტერვიუში საუბრობს.
ისტორიული არჩევანი რეალობა ხდება. ევროკავშირმა საქართველოსთვის კარები გააღო და გვითხრეს, რომ ევროპაში გველოდებიან. რას ნიშნავს ეს დიდი აღიარება იმ ქვეყნისთვის, რომელიც ოკუპაციის პირობებშია და რომლის არაერთი თაობა სწორედ ევროპისთვის იბრძოდა?
უპირველეს ყოვლისა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ისტორიული მისწრაფება საბოლოოდ რეალიზდეს, რათა ყოველთვის ვიყოთ ევროპის ნაწილი. ეს იმ იდეებისა და ოცნებების რეალიზებაა, რომელიც ფარსმან ქველს, სულხან-საბას, ილია ჭავჭავაძეს, 9 აპრილის გმირებს ჰქონდათ. ყველა ეს იდეა იმ მომენტში რეალიზდება, როცა ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდებით, თუმცა ეს პირველი მომენტია, როცა პროცესი კანდიდატის სტატუსის მონიჭებით შეუქცევადი იქნება.
გვითხრეს, რომ ბრიუსელში საქართველოს ხმა კარგად ესმით. გვითხრეს ისიც, რომ ახლა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ხალხის ნება უნდა აღასრულონ. ამ კონტექსტში ხაზგასმა მოხდა პოლარიზაციის დაძლევის. 12 რეკომენდაციიდან პირველი ეხებოდა დეპოლარიზაციას, რომელიც რეკომენდაციად დარჩა. ახლა, როცა დეპოლარიზაციას ითხოვენ, თქვენს პასუხისმგებლობას რა ნაწილში ხედავთ და ამისთვის რას აპირებთ?
უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პასუხისმგებლობა იმაშია, რომ პროცესში თანამონაწილეობის შესაძლებლობა ყველას ჰქონდეს. დღეს ევროპული ლოკომოტივი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მიისწრაფვის, თავის ლიანდაგზე მყარად დადგა და ყველამ უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა, ამ მოგზაურობის მონაწილე იყოს. ეს კარი ყველასთვის ღიაა. შარშან, როცა 12 რეკომენდაცია მოგვეცა, პარლამენტში ცხრა სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რათა ყველა საკითხზე ღია მუშაობა ყოფილიყო. ეს მუშაობა და თანამშრომლობა წინასწარი შედეგების დათქმის გარეშე უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ოპოზიციის უმეტესმა ნაწილმა ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადეს. შემდეგ პარალელური პროცესების დაწყება და ინიციატივების განვითარება სცადეს. საბოლოო ჯამში, ვნახეთ, რომ მათი გზა იყო მცდარი და ამ გზას რადიკალიზაციისკენ მივყავდით. კარგია, რომ საქართველოს მოსახლეობამ ეს ყველაფერი ოპოზიციას თავის დროზე შეამჩნია და შედეგად გვაქვს ის, რომ უკვე კანდიდატის სტატუსის მიღებას ველოდებით. იმედი მაქვს, ოპოზიცია რაღაცნაირად გააცნობიერებს, რომ შეუძლებელია, ასე ღიად იყო საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და ახლა მაინც გამოიყენებენ შესაძლებლობას, რომ არ ჩამორჩნენ იმ ევროპულ მატარებელს, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა არის და სწორედ ამ მიმართულებით მიდის.
ევროპული მატარებელი ახსენეთ და ევროპიდან გვითხრეს, რომ მნიშვნელოვანია ერთობა – ხელისუფლებისა და ოპოზიციის მაშინ, როცა საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს. ვინაიდან ამ პროცესში პასუხისმგებლობის ტვირთი თქვენზეა, ველოდოთ რაიმე ახალ შეთავაზებაას?
ზოგადად, ადამიანების ჯგუფი, თუ საზოგადოება ისეა მოწყობილი, რომ რთულია, გქონდეს იმედი, რომ ყველაფერში თანხმობა იქნება. მთავარი მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ ყველა ყველაფერზე თანხმდებოდეს, არამედ ყველას უნდა შეეძლოს, მაგიდაზე განსახილველად განსხვავებული აზრის დადება და კეთილსინდისიერი არგუმენტების გაცვლაში ხალხმა გადაწყვიტოს, რა არის სწორი, რა – არასწორი. სამწუხაროდ, ამ პროცესს ოპოზიცია არ აჰყვა. საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, შემოგვთავაზეს რადიკალიზაცია, მათ შორის ხანდახან ექტრემისტული ნოტებით. აქედან გამომდინარე, რთულია, წინასწარ განჭვრიტო, რამდენად გამოიყენებს მეორე შანსს ოპოზიცია, რათა ქვეყნის სამსახურში ჩადგეს, თუმცა ჩვენი მხრიდან მიცემული იქნება ეს შანსი, რომ იყვნენ კონსტრუქციული დიალოგის ნაწილი.
მანამდე იყო 12 რეკომენდაცია, რომელიც უკვე დახურულია, ახლა დღის წესრიგშია 9 დათქმა. ერთ-ერთი მთავარია 2024 წლის არჩვნები. ითქვა, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, დემოკრატიული და გამჭვირვალე. ოპოზიცია ამბობს, რომ ევროკავშირთან დაახლოების გზა სწორედ ამ არჩევნებზე გადის. თქვენც ასე გაიგეთ გზავნილი?
არათუ ევროპული განვითარება, არამედ ქვეყნის განვითარების გზა ყოველთვის არჩევნებზე გადის. არჩევნები ის დღე და მომენტია, როცა წყდება პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები, მათ შორის წყდება ისიც, ვინ არის მზად დემოკრატიული მსჯელობისთვის და ვინ არ არის ამისთვის მომწიფებული. ასევე, ვის სურს რადიკალიზმი და ექსტრემიზმი. ჩვენი, ქართველი ხალხის ინტერესშია, 2024 წლის არჩევნები იყოს იმგვარი, რომელიც ქვეყანას შემდეგი ოთხი წლისთვის სწორ პოლიტიკურ პრიორიტეტებს დაუსახავს და არავის მისცემს საშუალებას, რომ რადიკალური დღის წესრიგის დამკვიდრება სცადოს, როგორც ეს სცადეს 2020 წელს, როცა თითქმის ერთი წელი ქვეყანას სიყალბით, ტყუილით, მანიპულაციით აჯანჯღარებდნენ და ბოიკოტს უცხადებდნენ პარლამენტს, უარს ეუბნებოდნენ საკუთარ ამომრჩეველს, მათი მანდატი წაროედგინათ პარლამენტში. მათ შორის ჩვენი ევროპელი კოლეგების მთავარი ამოცანაა, ოპოზიციასთან იმუშაონ, რომ ისინი 2024 წლის არჩევნებისთვის მომწიფდნენ, რათა ერთი მხრივ, წინასაარჩევნო გარემო იყოს საგნობრივ დისკუსიაზე დამყარებული და არა იმაზე, რასაც ჩვენ შეჩვეული ვართ ოპოზიციისგან, როცა ერთი-ორი პოპულისტური საკითხი აქვთ და იმისთვის, რომ ემოციებზე იმუშაონ, რაც შეიძლება მეტ ღვარძლს თესავენ. ეს უნდა განაგდონ და საგნობრივი დისკუსიაში შემოვიდნენ. თუ ადამიანი საპარლამენტო საქმიანობას დააკვირდება, ნახავს, რომ როგორც კი საქმე გადადის საგნობრივ მსჯელობაზე, ოპოზიცია ან დარბაზიდან გარბის, ან სუსტია დისკუსიაში. საკმარისია, მინისტრის საათებს შევხედოთ, ისინი შემოიფარგლებიან ხოლმე მხოლოდ კითხვების დასმით და კამერების წინაშე პოზირებით, პასუხებს არც კი ელოდებიან, რადგან საგნობრივი დისკუსიისთვის მზად არ არიან.
ითქვა, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თავსებადი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ამ მიმართულებით 60 პროცენტიდან 43 პროცენტამდეა მაჩვენებელი ჩამოსული. საზოგადოების ნაწილს შთაბეჭდილება დარჩა, რომ საგარეო პრიორიტეტებში არის აცდენა საქართველოსა და ევროკავშირის პოლიტიკას შორის. განმარტეთ, რა იგულისხმება?
ამით მცდელობაა, საზოგადოება დააბნიონ, თითქოს რაღაც საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზეა საუბარი. სინამდვილეში, ძალიან პრაქტიკულ საკითხზეა საუბარი. საგარეო პოლიტიკის მხრივ არანაირი აცდენა არ არსებობს, არის საკითხები, რომლებიც ეხება ევროკავშირის გარკვეულ განცხადებებთან და რეზოლუციებთან მიერთებას. ევროკომისიას ამ ანგარიშშიც აღნიშნული აქვს, რომ საქართველო მიუერთდა და მონაწილეა ყველა იმ რეზოლუციის, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ევროკავშირთან იყო, ასევე იგივე მოხდა გაერო-სთან, ევროსაბჭოსთან მიმართებაში. სხვაობა შემდეგშია – ევროკავშირს აქვს დაახლოებით 120 გადაწყვეტილება, განცხადება მიღებული სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხზე, საიდანაც ჩვენ, დღეის მდგომარეობით, ნახევარს უკვე მივუერთდით. განსაკუთრებით შარშან წლის დასაწყისში გვქონდა ეტაპი, როცა მიერთების მაჩვენებელი დაბალი იყო, რაც განპირობებული იმით იყო, რომ მსოფლიოში ძალიან ტურბულენტური პროცესები მიდიოდა. ამიტომ ჩვენ გადაწყვეტილებებს წინდახედულად ვიღებდით. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი მხრიდან ნახევარი უკვე გაზიარებულია და ეს არის ზოგადი მოცემულობა წინა წლებიდან, როცა 50-55 პროცენტი იყო ხოლმე. განცხადებების დაახლოებით 40 პროცენტის უმუტესობა ეხება რუსეთისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას, ასევე ეს ეხება ზოგიერთ ჩვენს ქვეყანას და იმ ქვეყნებს, რომლებიც მოწყვლადი არიან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მხრივ, მცირე ქვეყნებია სხვადასხვა კონტინენტზე, რომლებთანაც რუსეთი მუშაობს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარონ. რა თქმა უნდა, ამ დროს ჩვენ ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ევროკავშირი სრულად გვეთანხმება ჩვენი პოლიტიკის იმ ნაწილში, რომ რუსეთის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ.
ეს არ გადაიხედება? რატომ არ აწესებთ, როცა დანარჩენი ცივილიზებული სამყარო აწესებს?
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც სანქციების დამწესებელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ნატო-ს ატომური ქოლგა არ გვიცავს. ისინი დაცულები არიან, ჩვენ არავინ გვიცავს. დედამიწაზე არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენთვის მოცემული აქვს უსაფრთხოების გარანტიები. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული. ამ ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვიცავს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა. თუ მათ რუსეთიდან პრობლემები შეექმნებათ ენერგორესურსების, თუ ხორბლის მიწოდებაზე, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან და არის სუბდსიდირება, რომელიც სხვა ქვეყნების მიმართ საერთო კალათიდან ნაწილდება. ევროკავშირს ასეთი ვალდებულება ჩვენ მიმართ არ აქვს, ჩვენ ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ამ ქვეყნებს შორის, რომლის ორი ტერიტორია ოკუპირებული აქვს რუსეთს და საქართველოს დედაქალაქიდან 30 კილომეტრში იმყოფება რუსეთის რეგულარული არმია. სხვათა შორის, შუა დერეფნის ავტობანიდან 500 მეტრში განთავსებული არის რუსული რეგულარული არმია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩვენი მოქალაქე მოგვიკლა. სწორედ ამიტომ, ჩვენს თავს უფლებას ვერ მივცემთ, რომ გავრისკოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. ამას არ გააკეთებს არცერთი ქვეყანა, მათ შორის არც ევროკავშირის არცერთი წევრი. ისინი სანქციების გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის იმის შედარებას აკეთებენ, რა შედეგი მოჰყვება სანქციებს. გვახსოვს, იარაღის მიწოდებაზე რამდენად ფრთხილად და ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებდნენ. სადაც ისინი ფიქრობდნენ, რომ შეიძლება, იმდენად ღრმად შევიდნენ რუსეთთან დაპირისპირებაში, რომ შეიძლება, პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის რისკი აიწიოს, ისინი ამას არ აკეთებდნენ. ერთი წლის განმავლობაში უკრაინას ტანკებს არ აძლევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სჭირდებოდა. დღემდე, სამხედრო თვითმფრინავებს არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სჭირდება. ჩვენც ზუსტად იგივე კრიტერიუმებით ვუყურებთ. იგივე არის ეკონომიკურ სანქციებზე.
არიან ქვეყნები, რომელთაც რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები გაზარდეს. მაგალითად, 2022 წელს, რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზე ლატვია იყო, საქართველოს უსწრებდა (მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი უცხოელი აქტორი, შიდა აქტორზე არაფერს ვამბობ, საქართველოს საყვედურობდა, თითქოს ჩვენ ღვინის ფასად რაღაც ღირებულებებზე უარს ვამბობთ), ლატვია, რომელიც ღვინის მწარმოებელი ქვეყანა არ არის. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში ის იყო ამ პროდუქტის გამტარი და იყო პირველ ადგილზე ღვინის ექსპორტით. დღემდე, გაზი მილით ევროპას უკრაინის გავლით მიეწოდება. არათუ ევროპა არ ამბობს უარს, რომ რუსეთს გადაუხადოს ფული ამაში, არამედ თავად უკრაინაზე გადის მილი და უკრაინა იმ ენერგომატარებლის გატარებაში იღებს შემოსავალს, რომლის სანაცვლოდ რუსეთი იღებს ფულს, ამ ფულით აკეთებს ტანკებს, რაკეტებს და ა.შ. ამიტომ საქართველოს მიმართ მორალისტობა არავის გამოუვა. რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ყველაზე მეტი აქვს ნაბრძოლი, როგორც ნატო-ს არაწევრ ქვეყანას, ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ქართველმა ხალხმა ყველა ომი იომა, როცა ეს საჭირო იყო. ამიტომ ქართველი ხალხის მიმართ მორალისტური პოზიცია ვერავის ექნება.
ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ თქვით, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის დადებითი შეფასება არის ძლიერი პასუხი რუსულ ოკუპაციაზე. რას ნიშნავს სტატუსი ოკუპაციის წინააღმდეგ. ევროპამ საკუთარი გადაწყვეტილებით რა უთხრა რუსეთს?
უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირმა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოძმეებს უთხრა, რომ ერთიანი საქართველოს ფორმატში მათი ადგილი ევროკავშირშია. იმ სივრცეში, რომელიც არის ეკონომიკური კეთილდღეობის და მშვიდობის სივრცე. ამავე დროს, რუსეთს უთხრა, რომ საქართველო დღეის იქით და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სტატუსი მოგვენიჭება, განიხილება ევროკავშირის ნაწილად და ეს არ არის მიტოვებული პერიფერია, რომელზეც შეიძლება, მხოლოდ სპონტანურად რაღაც რეაქციები გქონდეს. საქართველო არის საერთო ევროპული ოჯახის ნაწილი, რომელიც პერსპექტივაში ევროკავშირის წევრი იქნება და ასრულდება ის მონახაზი, რომელზეც გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ევროპა არის სივრცე ლისაბონიდან-თბილისამდე. ეს არის გზა დეოკუპაციის და აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის იმის გააზრების, რომ ერთიან საქართველოში ყოფნა მათი ინდივიდუალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის წინაპირობაა. ეს არის გზა, რომ დეოკუპაცია მოხდეს მშვიდობიანად, დამატებითი მსხვერპლის გარეშე.
გკითხავთ სადავო კითხვაზე, ვინ მიიღებს კანდიდატის სტატუსს – სახელმწიფო, ხელისუფლება, თუ ხალხი?
სინამდვილეში, ეს არის სინერგია და ამის ნებისმიერი დანაწილება არის აბსურდი, ეს არის მთლიანად ხალხი და ინდივიდები ცალ-ცალკე. ინდივიდები არა მხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ ინდივიდები, მათ შორის საზოგადოებაში. ეს არის ხალხი, რომლის წიაღში წარმოიშვა სულხან-საბა და ეს არის სულხან-საბა, რომელმაც გაკაფა გზა ევროპამდე. ეს არის ხალხი, რომლის წიაღში დაიბადა ილია ჭავჭავაძე. ეს არის ილია ჭავჭავაძე, რომელმაც ქართველი ხალხის ფორმირება ხელახლა მოახდინა. ეს არის ხალხი, რომელმაც დაბადა ზვიად გამსახურდია და ეს არის ზვიად გამსახურდია, რომელმაც ამ ხალხთან ერთად მოიტანა დამოუკიდებლობა. ეს არის ხალხი, რომელიც არის ხელისუფლების წყარო. არის ხელისუფლება, რომელიც ამ ხალხის დაკვეთას ასრულებს. აბრაამ ლინკოლმა თქვა, რომ დემოკრატია და ხელისუფლება არის ხალხის მიერ განხორციელებული, ხალხის სახელით და ხალხის საკეთილდღეოდ. ეს არის დემოკრატიის მთავარი ფორმულა. ამიტომ ამის დაყოფის ნებისმიერი მცდელობა სისულელესთან ერთად, დემოკრატიულ სახელმწიფოში აჩვენებს, რომ არის მცდელობა კვლავ რუსული ნარატივების გაყოლის, როცა ცდილობენ, საზოგადოებაში რაღაც დაპირისპირებები შეიტანონ. ეს შედეგი მოგვიტანა ქართველი ხალხის ერთობამ, მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ, რომელიც თავის მხრივ, ხალხის დაკვეთის შესრულებაზე ზრუნავს.
მთავარ აქცენტს აკეთებთ ხალხზე, რომელიც არის კონსტიტუციის მთავარი წყარო, მთავარი ფუნდამენტი ნებისმიერი სახელმწიფოსი. რას შეცვლის სტატუსი თითოეული ქართველის ცხოვრებაში?
უპირველეს ყოვლისა, პერსპექტივა უფრო მკაფიო ხდება, ის მიზანი, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით დასახული გვაქვს. ამ მიზნის კონტურები უფრო მკვეთრია და ამ მიზნის მიღწევა უფრო რეალურია. რაც შეეხება უშუალო გავლენას, ეს იქნება ეტაპობრივი. ძალიან მიხარია, რომ მათ შორის ევროპელმა ლიდერებმა საუბარი დაიწყეს იმაზე, რომ გაწევრიანების პროცესი არ უნდა იყოს ისეთი მდგომარეობა, როცა ქვეყანა რაღაც ვალდებულებებს ასრულებს და ათწლეულების პერსპექტივაში შეიძლება გახდეს წევრი და ფინალში რომ მივა, იქ გაიშლება სრულად ის კეთილდღეობა, სარგებელი, რაც ევროკავშირს აქვს. დღეს მიდგომაა, რომ ამ პროცესში, ქვეყნები ამ სარგებლის მონაწილე ეტაპობრივად უნდა გახდნენ. იმით, რომ ჩვენ ასოცირების პროცესი დავიწყეთ, პირველ შემთხვევაში, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გაგვეხსნა. ასევე, გაგვეხსნა ევროპული ბაზარი, სადაც ქართველ მეწარმეებს საკუთარი პროდუქტის გატანა შეუძლიათ. ამას ეტაპობრივად, კიდევ უფრო მეტად მოჰყვება ის სიკეთეები, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე აისახება.
ერთი წლის წინ თქვენთან ინტერვიუ მქონდა და ვსაუბრობდით იმის თაობაზე, როგორ შესრულდებოდა რეკომენდაციები, ქვეყანა მიიღებდა თუ არა სტატუსს. თუ ერთი წლის შემდეგ ინტერვიუ იქნება, რას მეტყვით, ქვეყანა ახალ ეტაპზე გადასვლისთვის მწვანე შუქს მიიღებს?
კარგია, რომ ეს გამახსენეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ოცნება არ უნდა შევწყვიტოთ. სწორედ ქართული ოცნებაა ის, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი ვიყოთ. ჩვენ ვიყავით დარბაზში, სადაც 9 აპრილის ფოტოკოლაჟიც არის. მაშინ ალბათ რამდენად რთული იყო ოცნება დამოუკიდებელ ქვეყანაზე, თუმცა გავიდა დრო და ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს. შემდეგ რამდენად რთული იყო ოცნება ევროკავშირთან რაღაცნაირ სიახლოვეზე. გავიდა დრო და ჩვენ უკვე თითქმის კანდიდატის სტატუსი გვაქვს. ყველა ხელისუფლება სწორედ ამ ოცნებების ახდენას უნდა ემსახურებოდეს. ოცნებების ასრულების შემდეგი ეტაპი მოლაპარაკებების გახსნაა. როგორც აქამდე ვადამდე და გადაჭარბებით აასრულა ევროპასთან დაახლოების ოცნება „ქართულმა ოცნებამ“, ასე გააგრძელებს ჩვენი ხელისუფლება და იმ საბოლოო მიზნამდე მივალთ, რომელიც დასახული აქვს ჩვენს ხალხს, როგორც მიზანი ევროპულ ოჯახში დაბრუნების.
მიზანი არის თუ არა ის, რომ 2030 წლის გაფართოებაზე მოხვდეს საქართველო და გააკეთებთ თუ არა ამისთვის ყველაფერს, რომ მიზანი იქცეს რეალობად?
ალბათ ბედისწერაა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი 2030 და ევროკავშირის მიზანი 2030 ერთმანეთს ასე დაემთხვა. ალბათ ეს არის არა მხოლოდ დამთხვევა, არამედ ბედისწერაა. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ იქნება სწორედ ის პოლიტიკური ძალა, ვინც 2030-ში საქართველოს ევროკავშირში წევრობამდე მიიყვანს. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგად გააცნობიერა, რომ მნიშვნელოვანია, გადაიაზროს გეოპოლიტიკური როლი რეგიონში. ჩვენ მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებების მოწმეები ვართ. იმედი მაქვს, ყველა შემდეგი პოლიტიკური თაობა ამ ხაზს შეინარჩუნებს, ევროკავშირი ლისაბონიდან-თბილისამდე არის ის მიზანი, რომელიც 2030-ში უნდა აღსრულდეს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მხრიდან „ქართული ოცნება“ იქნება ის, ვინც ამ ოცნებას ქართველ ხალხს აუსრულებს.
„ქართულ ოცნებას“ მმართველობის ძალიან დიდი ვადა ხომ არ გამოუვა?
მთავარია, გვქონდეს ცხადი ოცნება და გყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ამ ოცნებების აღსრულების უნარი აქვს. დღემდე 11 წელმა გვაჩვენა, რომ ყველა პირობას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დადო, ასრულებს და ამას ქართველი ხალხი ხედავს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მანდატს „ქართულ ოცნებას“ გაუგრძელებს.