logo_geo
eng_logo
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი შეშფოთებულია ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო, უერთდება მოწოდებებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეჩერებისა და ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისკენ
- +

13 ნოემბერი. 2023. 00:16

 

 

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო.

 

მისივე თქმით, ევროკავშირი უერთდება მოწოდებებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ და ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისკენ, მათ შორის სასაზღვრო გამშვები პუნქტებისა და სპეციალური საზღვაო მარშრუტის გაზრდით, რათა ჰუმანიტარულმა დახმარებამ უსაფრთხოდ მიაღწიოს ღაზის მოსახლეობასთან.

 

ბორელის განმარტებით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ამასთან ერთად, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს უწყვეტი, სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომისა და დახმარების გაწევისკენ ყველა საჭირო ღონისძიების მეშვეობით, მათ შორის ჰუმანიტარული დერეფნებისა და ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის პაუზებით.

 

ჯოზეფ ბორელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი უმეორებს თავის მოწოდებას „ჰამასს“, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა მძევალი. ამასთან ერთად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიეცეს წვდომა მძევლებთან.

 

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ჯოზეფ ბორელის განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ევროკავშირი გმობს საავადმყოფოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის „ჰამასის“ მიერ ფარად გამოყენებას.

 

„მშვიდობიანმა მოქალაქეებმა უნდა დატოვონ საბრძოლო ზონა. საომარი მოქმედებები მძიმედ აისახება საავადმყოფოებზე და საშინელ ზიანს აყენებს სამოქალაქო პირებსა და სამედიცინო პერსონალს. ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ადგენს, რომ საავადმყოფოები, სამოქალაქო პირები საავადმყოფოებში უნდა იყვნენ დაცული. ამ კონტექსტში, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner