logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: არასოდეს წარსულში არ ყოფილა ასეთი წარმომადგენლობითი და მრავალპარტიული პარლამენტი
- +

13 ნოემბერი. 2023. 10:18

 

 

„არასოდეს წარსულში არ ყოფილა ასეთი წარმომადგენლობითი და მრავალპარტიული პარლამენტი და არასოდეს ჰქონია ოპოზიციას იმდენი საქმიანი მექანიზმი და ბერკეტი, რომელიც დღეს აქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

 

„თქვენ იცით, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან ერთად, სწორედ ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ მივიღეთ ახალი რეგლამენტი, რომელმაც თვისობრივად შეცვალა პარლამენტის საქმიანობა. პარლამენტი რეალურად გახდა პოლიტიკის მთავარი არენა, სადაც ახლა 9 ოპოზიციური პარტია არის წარმოდგენილი. არასოდეს წარსულში არ ყოფილა ასეთი წარმომადგენლობითი და მრავალპარტიული პარლამენტი და არასოდეს არ ჰქონია ოპოზიციას იმდენი საქმიანი მექანიზმი და ბერკეტი, რომელიც დღეს აქვს. მეორე საქმეა,  ისინი ამას რამდენად იყენებენ და რისთვის იყენებენ. მჯერა, დადგება დრო, როდესაც გვეყოლება უფრო საქმიანი და უფრო შედეგზე და მომავალზე ორიენტირებული ოპოზიცია და ამ მექანიზმებს ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენებენ. რეგლამენტში მუდმივად განიხილებოდა ამ წლების განმავლობაში ცვლილებები. ჩვენ გვსურს, რომ ის კიდევ უფრო მეტად დახვეწილი იყოს, უფრო მეტად დინამიური იყოს საპარლამენტო ცხოვრება, უფრო ქმედითი ბერკეტები ჰქონდეთ პარტიებს პარლამენტში. ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ ამას ემსახურება, რომ იყოს მეტი მონაწილეობა და იყოს უფრო საქმიანი პოლიტიკა საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების  კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს. ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მოხდება. ახალი ცვლილებებით, ღია კენჭისყრის წესი, მათ შორის, თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზეც გავრცელდება. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან, კონსტიტუციით, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს. ცვლილებები ასევე შეეხება ვიცე-სპიკერების რაოდენობას. ხუთი ვიცე-სპიკერის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს შვიდი მოადგილე ეყოლება. მათგან სამი მოადგილის არჩევა მოხდება საპარლამენტო უმრავლესობიდან ,  სამის კი – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან. გარდა ამისა, რეგლამენტში ცვლილებები ასევე შეეხება პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშების მოსმენის საკითხსაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner