„კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი მოტივაციით განვაგრძობთ ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„როგორც ხედავთ, ხელისუფლებამ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი, ამავე დროს, დაგვეცვა ჩვენი ეროვნული ინტერესები, მშვიდობა, უსაფრთხოება, ეკონომიკური ზრდა და პირნათლად შეგვესრულებინა ის ვალდებულებები, რაც საქართველოს აქვს თავის პარტნიორებთან. ეს ყველაფერი უკვე დანახულია და სამართლიან არის შეფასებული ანგარიშში, რომელმაც მწვანე აუნთო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. რომ გვყოლოდა უფრო საქმიანი, უფრო პასუხისმგებლიანი, რეალურად ევროპული ოპოზიცია, უფრო სწრაფად და უფრო მეტის გაკეთებას შევძლებდით. თუმცა, ჩვენ ეს დრო ნამდვილად არ დაგვიკარგავს. რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, პირნათლად შევასრულეთ. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი მოტივაციით განვაგრძობთ ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას მანამ, სანამ საქართველო ყველაზე მოკლე და ყველაზე შესაძლებელ დროში არ გახდება ევროპული ოჯახის წევრი“, - აღნიშნა თალაკვაძემ.