logo_geo
eng_logo
თბილისის მერმა ჩუღურეთის რაიონში N125 საბავშვო ბაღის ახალი შენობა დაათვალიერა
- +

13 ნოემბერი. 2023. 14:52

 

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, კახა გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად ჩუღურეთის რაიონში, N125 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობა დაათვალიერა.

 

საბავშვო ბაღს, ახალი ინფრასტრუქტურით, 150-ზე მეტი აღსაზრდელის მიღება შეუძლია.

 

„ვერ წარმოიდგენთ, რა მდგომარეობა იყო 2018 წლამდე ამ ბაგა-ბაღში. ძალიან მძიმე მდგომარეობაში უწევდათ პატარებს ყოფნა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მოგვეხდინა, დღეს კი ხედავთ, როგორი თანამედროვე, ახალი ბაღია აშენებული, სადაც დაცულია ყველანაირი სტანდარტი. დღეის მდგომარეობით, აქ 150-მდე ბავშვია რეგისტრირებული, თუმცა ბაღს აქვს რესურსი, უფრო მეტი პატარა მიიღოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას, გვინდა, რომ თბილისში ყველა საბავშვო ბაღი იყოს ამ სტანდარტის. ზოგადად, ყველა მშენებლობაში, რომელიც დაწყებული აქვს მუნიციპალიტეტს, აღნიშნული სტანდარტი გათვალისწინებულია. გვინდა, რომ ჩვენი შვილები, მომავალი თაობები განათლებას ასეთი ინფრასტრუქტურის პირობებში იღებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ოთარ ქინქლაძის ქუჩაზე მდებარე N125 საბავშვო ბაღის ძველი შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო და სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებდა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, განხორციელდა მისი დემონტაჟი, მის ნაცვლად კი აშენდა ახალი, თანამედროვე დიზაინის, 5-ჯგუფიანი საბავშვო ბაღი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოებისთვის არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების უახლესი სისტემებით; ტერიტორიული სიმცირის გათვალისწინებით, საბავშვო ბაღის ეზო შენობის სახურავზე მოეწყო, სადაც ყველა პირობაა შექმნილი ღია სივრცეში მრავალფეროვანი  საბავშვო აქტივობებისათვის. 

 

დასრულებული პროექტი ასევე ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, დავით მაქაცარიამ, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რიმა ბერაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner