ძველ ბულვარში კოლონადას მიმდებარედ ახალი სკვერი ეწყობა. სკვერის მოწყობის სამუშაოები 2 000 კვ.მ ფართობზე უკვე მიმდინარეობს. საპროექტო ტერიტორიაზე გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები, დაიგება დეკორატიული ქვიშის ორნამენტული საფარი და დამონტაჟდება გარე განათება. ასევე, პროექტის ფარგლებში განთავსდება საბაღე და ხის სკამ-საქანელები. სკვერში არსებული უკრაინელი საზოგადო მოღვაწეების ტარას შევჩენკოსა და ლესია უკრაინკას ბიუსტების პიედესტალს კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და მარმარილოს ფილებით მოპირკეთდება. ასევე, დაირგვება სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ხე-მცენარეები.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „როდა“ ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 124 ათას ლარს შეადგენს და დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.
ახალი სარეკრეაციო სივრცე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებული ტერიტორიის იერ-სახეს და დამატებითი მიზიდულობის ადგილს შექმნის ვიზიტორებისთვის. პროექტი განაშენიანების გეგმის მიხედვით შემუშავდა სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან“ შეთანხმებით.